"ლელო“ არის თაღლითების მიერ დაფუძნებული პარტია, შეიქმნა, რათა თაღლითური სქემა განეხორციელებინათ ხაზარაძე-ჯაფარიძეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს სერბეთში განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ჩვენი წინადადებაა, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ლელოს“ მიზანი იყო, საქართველოს ბიუჯეტიდან მილიარდნახევარი გამოეძალა პოლიტიკური ზეწოლით.

„სხვაგანაც ხო არ გადავიდეთ გეოგრაფიულად, მოვკიდოთ ხელი საქართველოს და შავ ზღვას მოვაცილოთ. წარმოუდგენელია, ამ ადამიანების თავში რა აზრები იხარშება, მერე არც უფიქრდებიან და საჯაროდ აჟღერებენ. რაც შეეხება „ლელოს“ და ანაკლიის პორტს, ეს საზოგადოებისთვის უკვე ცხადია, განაჩენი გამოტანილია როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური. „ლელო“ არის თაღლითების მიერ დაფუძნებული პარტია, რომელიც იყო ჩვეულებრივი თაღლითური პროექტი, რათა საქართველოს ბიუჯეტიდან გამოეძალათ მილიარდნახევარი პოლიტიკური ზეწოლით. ამისთვის შეიქმნა ეს პარტია, რომ თაღლითური სქემა განეხორციელებინათ ხაზარაძე-ჯაფარიძეს. ბიუჯეტიდან მილიარდნახევარი უნდა ჩაედოთ საკუთარ ჯიბეში და წაეღოთ ის ფული. ეს თაღლითობა ჯერ ქართულ სასამართლოებში გამოაშკარავდა, შემდეგ კი გამოაშკარავდა არაერთ საერთაშორისო არბიტრაჟში, რა თაღლითობასთან გვქონდა საქმე. იმას რომ თავი დავაბებოთ, ამ ადამიანების წინააღმდეგ თაღლითობაზე განაჩენია გამოტანილი ქართულ სასამართლოში.

მათი მოსაზრებები ანაკლიასთან დაკავშირებით, გასაგებია, ხაზარაძე ავალებს, მაგრამ თვითონაც ხომ უნდა დაფიქრდნენ, რომ ხაზარაძის გამხმოვანებლები არ უნდა იყვნენ. გამოვიდეს ხაზარაძე და თავად ილაპარაკოს, თუ რამის თქმა უნდა ანაკლიასთან დაკავშირებით. ეს არის ადამიანი, რომელმაც, ფაქტობრივად, კინაღამ კრახამდე მიიყვანა ანაკლიის პროექტი. სახელმწიფომ 20-ჯერ შეცვალა მის გამო ხელშეკრულებები, რათა შანსი მიეცა, დახმარებოდა, ინვესტიციები მოეზიდა. აღმოჩნდა, რომ თაღლითობასთან გვქონდა საქმე. არანაირი ინვესტორი არ მოუზიდია, ტყუილად აცვლევინა ხელშეკრულებები სახელმწიფოს და პროექტი ჩაშლამდე მიიყვანა. ვხედავთ, რა დრო დასჭირდა სახელმწიფოს მათი გაფუჭებულის გამოსწორებისთვის. დღეს სახელმწიფო უკვე სრულად საკუთარ თავზე იღებს, ეს არის მნიშვნელოვანი, მიხარია, რომ გადაწყვეტილება, რომელზეც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა, ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს იქნება ქართული პროექტი „ანაკლია“, რომელიც იქნება ჩვენი სტრატეგიული პროექტი და პორტი. ყველას შეეძლება მონაწილეობა იმ პირობით, რომ მესაკუთრე იქნება საქართველო, სხვა ყველანი კი მოსარგებლეები. ვისაც ექნება სურვილი, ისარგებლონ, ყველას მივესალმები. ნახეთ, რამხელა ინტერესია სხვადასხვა ქვეყნიდან – აზერბაიჯანი, ცენტრალური აზია, ყურის ქვეყნები, ყველას აქვს ინტერესი ამ პორტთან დაკავშირებით. ასე რომ, მოიძებნა ამ საკითხის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტა, რომ საქართველო იქნება მესაკუთრე. ვისაც უნდა, რომ შემდეგ ჰქონდეს სარგებლობის შესაძლებლობა პორტის სხვადასხვა ინფრასტრუქტურაზე, შეუძლია, ისარგებლოს საკუთარი მონაწილეობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.