საქართველო ლამის ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მიმართაც როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს სრული ნდობა აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი დამოკიდებულება გამომდინარეობს იმ პოლიტიკიდან, რომელსაც საქართველო მეზობლების მიმართ ატარებს
„ჩვენი განსაკუთრებულობა სწორედ იმ პოლიტიკიდან გამომდინარეა, რასაც წლების განმავლობაში საქართველო მეზობლების მიმართ ატარებს. ეს ნდობა არის, რასაც ჩვენს მეგობრებს სომხეთსა და აზერბაიჯანში ვთავაზობდით, რათა საერთო რეგიონული ნდობა ჩამოყალიბდეს. ამის კარგი გამოცდილებაც არსებობს, მათ შორის საქართველოს პრემიერის მონაწილეობით იყო შეთანხმება, როცა სამხედრო ტყვეები იყო გაცვლილი ნაღმების რუკების სანაცვლოდ. ეს კარგი გამოცდილება გამოსაყენებელია, მათ შორის, ჩვენს უცხოელ კოლეგებსაც ყოველთვის ვთავაზობთ, რომ საქართველო, როგორც შუამავალი, გამოიყენონ. ჩვენ სხვა ქვეყნებისგან გაძლიერება გვჭირდება იმისთვის, რომ ეს როლი ეფექტიანად შესრულდეს. ტენდენცია, რომ მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა ძალიან გაზრდილია, აჩვენებს, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ ეს არის, რაზეც ყოველდღე ვმუშაობთ. განსაკუთრებული მიღწევაა ის განსაკუთრებული ურთიერთობა, რაც ხელისუფლებებს შორის არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.