ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ წყალობით ვნახეთ, რომ „ფორმულას“ სახელით დადებულია ხელშეკრულება ლობისტებთან დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარზე, რომ ეს დეზინფორმაცია, თითქოს დავით კეზერაშვილი – ამას, მათ შორის, ფუთავს მისი მედია – ეს დეზინფორმაცია გაიტანონ, თითქოს ის არის მედიამენეჯერი, დევნილი და ა.შ. სინამდვილეში, ის არის კრიმინალი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კრიმინალებს თავშესაფარს არავინ უნდა აძლევდეს.
„ევროკავშირის, მათ შორის, ევროპის პასუხისმგებლობაა, რომ ის ადამიანი, რომელსაც დანაშაულები აქვს ჩადენილი, დადასტურებული აქვს დანაშაული, მისივე აღიარებით ვიცით, რომ საქართველოში აფინანსებს მედიას, პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პოლარიზაციისკენ არიან მომართულები. ევროპის წვლილი დეპოლარიზაციაში ზუსტად ეს იქნებოდა, რომ გადმოსცენ საქართველოს დამნაშავე. კრიმინალისთვის თავშესაფრის მიცემა არ უნდა ხდებოდეს, აშკარა დანაშაულის, რაც მან ჩაიდინა. ხუთი მილიონი ქვითრებში გაწერეს, თითქოს ჩატარდა ჯარის წვრთნა 2008 წლის ომამდე, არ არსებობს არცერთი ჯარისკაცი, ვისაც ეს წვრთნა ჩაუტარდა. ქაღალდზე იყო ეს ყველაფერი. ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სინამდვილეში საქართველოს პრობლემა არის არა პოლარიზაციაში, არამედ რადიკალიზაციაში, ხოლო დერადიკალიზაციაში წვლილი უნდა შეიტანონ ასევე ევროპელებმაც.
„ევროპასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი, კერძოდ იმით, რომ კეზერაშვილს არ გადასცემს საქართველოს. მიხეილ სააკაშვილი სად აფარებდა თავს? ევროპაში. არ გადმოგვცემდნენ და ვნახეთ, შედეგი რაც იყო, მისი რევოლუციური გეგმები. მათ შორის, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში არის, ევროპაშიც დადის, და სხვა დამნაშავეები, რომლებიც ცნობილი არიან სისხლის სამართლის საქმეებით დამნაშავეებად, უნდა გადმოგვცენ. ეს იქნებოდა მათი წვლილი დეპოლარიზაციაში. ვიდრე დავით კეზერაშვილი ჰყავთ ევროპაში შეფარებული, ამ დროს, როცა ვისმენთ საქართველოს მიმართ პრეტენზიებს, რომ დეპოლარიზაცია მოხდეს, იმ ევროპისგან, რომელიც ამავე დროს იფარებს დამნაშავეს, რომელიც ქვეყანაში ურევს სიტუაციას, ასეთი პრეტენზიების დროს ჩვენი პასუხები გვაქვს. იმით, რომ ევროპაში შეფარებული იყო სააკაშვილი, დღემდე შეფარებულია კეზერაშვილი, ეს არის პასუხისმგებლობა ევროპის ქართულ პოლარიზაციაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.