სალომე ზურაბიშვილი როდესაც იქნა მხილებული კონსტიტუციის დარღვევაში, თქვა, რომ ეს არაფრად მიაჩნია, მისთვის ქართული კონსტიტუცია მაკულატურაა, გათელა ფეხით. გასაკვირი არ არის, რომ მისი საქციელი და ქმედებები ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიდის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა დსამულ შეკითხვას სალომე ზურაბიშვილის მიერ სატელევიზიო არხ LCI-სთან მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რამდენად დამაზიანებელია სალომე ზურაბიშვილის საჯარო ქმედებები, იქნება ეს მედიასთან თუ სხვა შეხვედრების დროს.

„გვახსოვს, როცა ის იმყოფებოდა ლატვიაში, მთავარი შედეგი, რაც მან გამოიტანა ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, იყო მოწოდება, სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ჩაგვეგდო ჩვენი ხალხი პრობლემებში. ახლა ვნახეთ, რომ მთავარი შედეგი, რაც გამოიტანა ინტერვიუთი, არის ის, რომ შეშფოთებულია ჩინეთის ელჩი, რადგან ასეთი განცხადებები აბსოლუტურად მოწყვეტილია ყოველგვარ რეალობას და აცდენილია ქართველი ხალხის ინტერესებს. ქალბატონი სალომე პირდაპირ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ. ეს გასაკვირი არ არის, მან უღალატა საკუთარ ამომრჩევლებს, გათელა ფეხქვეშ ქართული კონსტიტუცია და კარგს არაფერს უნდა ველოდოთ მისგან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.