როდესაც საქართველო, როგორც ხალხი, ისე მის მიერ არჩეული ხელისუფლება ისეთი დამოუკიდებელია საკუთარ გადაწყვეტილებებში, როგორიც არ ყოფილა ბოლო 35 წლის განმავლობაში, ვხედავთ, როგორი გააფთრებული ზეწოლაა, რადგან პარლამენტის წევრებმა სარჩელით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს და გამოიყენეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წარმოიდგინეთ, რა თავდასხმა იქნებოდა საქართველოზე 2012 -2013 წლებში, ხელისუფლებას ამავე პროცესისთვის რომ მიემართა.

„საქართველოს ხელისუფლება მაშინ შეეცადა, აეცილებინა ის ზიანი, რომელიც გარედან თავდასხმას შეეძლო, მოეხდინა. გარე აქტორებს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მფარველებს, მაშინ სულ სხვა ინსტრუმენტები ჰქონდათ. ფაქტობრივად თავს მოახვიეს საქართველოს ე.წ. კოაბიტაცია. ეს ფრანგული სიტყვა გვასწავლეს და თავად შემოიტანეს. დღემდე ბოლომდე ვერ გავარკვიეთ, „კოაბიტაცია“ უნდა ვთქვათ, თუ „კოჰაბიტაცია“. იმიტომ მოახვიეს თავს ქვეყანას, რომ მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე ჰყოლოდათ თანამდებობაზე. წარმოიდგინეთ, რა პროცესები შეიძლება, ყოფილიყო, მაშინ საქართველოს ხელისუფლებას სარჩელი რომ შეეტანა ანტიკონსტიტუციურაბასთან დაკავშირებით. როდესაც მომენტი მომწიფდა, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეგვეტანა და გაგვეძლო იმ წნეხისთვის, რომელიც ამას მოჰყვებოდა და მოჰყვა კიდევაც, სარჩელი შევიტანეთ. 14 წლის განმავლობაში, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მიეცა უამრავჯერ შანსი, დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ კალაპოტში და 14 წელი მუდმივად იყვნენ კონსტიტუციის მიღმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ 2012 წლის შემდგომი არჩევნები კი არ აღიარა, არამედ 2012 წლის არჩევნებიც არ აღიარეს.

„მიხეილ სააკაშვილი არანაირ მშვიდობიან გადაბარებას არ აპირებდა. მასზე ზეწოლა მოახდინა ორმა სენატორმა – შაჰინმა და რიშმა, რომლებიც მისი მფარველები და ინსტრუქტორები იყვნენ. კაბინეტში შევიდნენ და უთხრეს, გარეთ ხალხი გადაგივლის თუ არ აღიარებ მარცხსო. თავისმა პატრონებმა აღიარებინეს არჩევნები, არც აპირებდნენ აღიარებას. 2016 წელს ბოიკოტს უცხადებდნენ არჩევნებს და ბოლო მომენტში, როდესაც მიხვდნენ, რომ დამხობა არ გამოუვიდოდათ, შემოვიდნენ პარლამენტში. 2018 წელს არ აღიარეს საპრეზიდენტო არჩევნები, ცდილობდნენ ინაუგურაციის ჩაშლას, რომელიც თელავში იმართებოდა; 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტზე შტურმი და ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო; 2021 წელს სააკაშვილის შემოპარებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლის მცდელობა; 2022 წლის ივნისში, როდესაც „ენეჯეოებთან“ ერთად დადგნენ, ხელისუფლების დამხობას და ტექნიკური ხელისუფლების მთავრობის შექმნას ცდილობდნენ; 2023 წელს, როდესაც პარლამენტზე შტურმი იყო „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების გამო, ცდილობდნენ ხელისუფლების დამხობას; 2024 წლის არჩევნები, რომელიც არაღიარეს, ცდილობდნენ ხელისუფლების დამხობას; 2025 წლის 4 ოქტომბერი, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს ცდილობდნენ. წლიდან წლამდე კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არცერთი შანსი არ გამოიყენა, დარჩნენ კონსტიტუციის მიღმა. ახლა დადგა მომენტი, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტოს, „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ვინ არის ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.