საგარეო პოლიტიკურ აქტორებს საერთოდ არ ეხებათ საქართველოში პოლიტიკური პარტიული ლანდშაფტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც არის მაგალითები სხვადასხვა ქვეყანაში პარტიების აკრძალვისა, საგარეო პოლიტიკური აქტორებისგან კრიტიკას საქართველოს ხელისუფლება ვერ მიიღებს.
„ჩვენ არ გვეხებოდა უკრაინაში, მოლდოვაში რომელი პარტიები გამოცხადდა ანტიკონსტიტუციურად, არ გვეხება ის, რომ გერმანიაში მთავარი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ აპირებენ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას. სხვათა შორის, აქვე ვიტყვი, რომ დღეს, გერმანიაში მთავარი ოპოზიციური პარტია და ქვეყანაში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არის გერმანიის ხელისუფლების სპეცსამსახურების დაკვირვების ქვეშ, ოფიციალურად. მათზე მიყურადება მიდის, მათში შეგზავნილი აგენტები მუშაობენ და ა.შ. ოფიციალურად გერმანიის კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალოგია გერმანიაში, ჰყავს პირდაპირ მოსმენაზე დასმული მთავარი ოპოზიციური პარტია, ხელისუფლებას. ასე რომ, როცა ასეთი ვითარებებია სხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მათგან ვერანაირ კრიტიკას ვერ მივიღებთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შემდეგ „პოლიტიკური პროცესი გაიწმინდება ტოქსიკური გარემოსგან და სხვა პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, კონკურენტულ გარემოში ესაუბრონ თავიანთ ამომრჩეველს“.
„პარტიების აკრძალვის შედეგი იქნება ის, რომ დღევანდელი ვითარება, რაც არის, რომ ეს პარტიები წამლავენ პოლიტიკურ, პარტიულ პროცესს საქართველოში, ეს ტოქსიკური, მოწამლული პოლიტიკური პროცესი გაიწმინდება ამ ტოქსიკური გარემოსგან და სხვა პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, კონკურენტულ გარემოში ესაუბრონ თავიანთ ამომრჩეველს საქართველოს საზოგადოებას.
ჩვენ რასაც ვხედავთ არის ის, რომ არაკონსტიტუციური პარტიები, რომლის წინააღმდეგაც სარჩელი გვაქვს შეტანილი, არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში არიან სხვა პარტიებთან, ვინაიდან უკანონო მეთოდებით მუშაობენ. ეს იგივეა, რაც კერძო ურთიერთობებში, ბიზნესში არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში იყოს ბიზნესი, რომელიმე კომპანია, არ იხდიდეს გადასახადებს, ფულის გათეთრებით იყოს დაკავებული, დემპინგით მუშაობდეს და ა.შ. ზუსტად ასე იქცევიან ეს პარტიებიც, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას, იყენებენ ძალადობის მეთოდს, იყენებენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებებს საქართველოს წინააღმდეგ. ასე რომ, არაკონკურენტულ გარემოში არიან სხვა პარტიები. გარდა ამისა, წამლავენ პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში. ასე რომ, ეს მხოლოდ წაადგება ჩვენს დემოკრატიას“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 14 წელია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ანტიკონსტიტუციური, ამიტომ, პაპუაშვილის განცხადებით, მიმართეს სასამართლოს, რომ დაადგინოს, საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნებაა“ არაკონსტიტუციური თუ ეს პარტიები.
„14 წელია, ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ ვისმენთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური. ისინი 14 წელია უარყოფენ საქართველოს ხელისუფლების შიდა და საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას. 14 წელია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაადგინოს საბოლოო ჯამში – ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან ისინი არიან ანტიკონსტიტუციური. ასე დააყენა თავად კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკითხი ბოლო 14 წლის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩვენი მტკიცება არის, რომ სწორედ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არის ანტიკონსტიტუციური და შესაბამისად სასამართლო დაადგენს ამას. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამ 14 წლის განმავლობაშ რომ ამტკიცებდა, „ქართული ოცნება“ არის არაკონსტიტუციური, რომ საქართველოს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, შეეძლოთ, 14 წელი ჰქონდათ მათ იმისთვის, მიემართათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. 30 დეპუტატი არის საჭირო მიმართვისთვის, თუკი იყო არაკონსტიტუციური, მაგრამ ამის საფუძველი არ ჰქონდათ. პირიქით, ჩვენ ამის მყარი საფუძველი გვაქვს და მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და იმედი გვაქვს სასამართლო ჩვენს არგუმენტებს გაითვალისწინებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










