არ მგონია, საქართველოს სჭირდებოდეს უკრაინის მოქალაქის მხრიდან პოლიტიკურ ლანდშაფტში წესების დადგენა და პოლიტიკური ლანდშაფტის გადანაწილება. ეს კიდევ ცალკე პრობლემა არის და სრული პროფანაცია, საერთო ჯამში, რასაც ჰქვია სამშობლო და მოქალაქეობა, – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სერბეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილმა უპასუხა მედიის კითხვას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს, აირჩიონ დროებითი მართვის ორგანო, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი კი – აღმასრულებელი მდივანი.

მისი თქმით, სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქართული პასპორტი სხვა ქვეყნის პასპორტზე გაცვალა და დღეს კიდევ საუბრობს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე.

„შეგახსენებთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც ქართული ენა დაავიწყდა და უკრაინულად მელაპარაკეთო, სასამართლოში თარჯიმანს ითხოვდა. ამგვარ ცირკთან გვაქვს საქმე. ამ ცირკს, როგორც ვატყობ, თავადვე მოუღებენ ბოლოს, თავად თუ არა – დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენ მიერ შეტანილი სარჩელი, რომელიც არის სრულად დასაბუთებული. ეს ანტიკონსტიტუციური, ანტიქართული, ანტიეროვნული გაერთიანება უნდა დასრულდეს. სწორედ ეს არის მთავარი. დაუშვებელია, საქართველოში მოქმედებდეს ანტიკონსტიტუციური, ქვეყნის ღალატზე დაფუძნებული დაჯგუფება, რომელიც თავს პოლიტიკურ პარტიას უწოდებს და რომელმაც ერთადერთი რამ გააკეთა ქვეყანაში – შექმნა დიქტატურა, ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი გადააბარა ოკუპანტ ქვეყანას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.