ეს არის „მაკკეინის ინსტიტუტის“ პოზიციები, აქ ახალი არაფერია. მას, როგორც „მაკკეინის ინსტიტუტში“ დასაქმებულ ადამიანს, სასაუბრო უკვე სრულად აქვს ათვისებული. ლორა თორნტონი იქნება ეს თუ სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის განსხვავება უკვე აღარაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც კომენტარი გააკეთა გამოცემა „ჰილის“ მიერ გავრცელებულ სტატიაზე, სადაც აღნიშნულია: „სალომე ზურაბიშვილის გზავნილი დონალდ ტრამპის მიმართ არის, რომ აშშ-მა რუსეთს უკან უნდა დაახევინოს და საქართველო „სათამაშო მოედნად“ გამოიყენოს“.
"გახსოვთ, ლორა თორნტონი წუხდა, რომ საქართველოში სისხლი არ დაიღვარა აქციების დროს. ესაა მათი გეგმა ზუსტად, საბოლოო ჯამში, და მეორე უკრაინა ეს არის, საითკენაც უნდათ, გააქანონ საქართველო. ხედავენ, რომ უკრაინაში ომი დასრულებისკენ მიდის და როგორც ჩანს, პოლიტიკურ დაჯგუფებებს სურთ კიდევ ერთი ცხელი კერა და უნდათ საქართველო აქციონ იარაღად საკუთარ პოლიტიკურ თამაშებში. ქალბატონი სალომე, როგორც „მაკკეინის ინსტიტუტის“ ერთგული თანამშრომელი, სრულად არის ამაში ჩართული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.