საყოველთაოდ ცნობილი გერმანული პატიოსნება, ასეთ დროს, ბოდიშის მოხდას გულისხმობს, მაგრამ ბატონი პეტერის შემთხვევაში, როგორც ჩანს, დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ კი სიმართლის არშემჩნევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილი ეხმაურება გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ 24 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას ყულევის ტერმინალთან დაკავშირებით, სადაც ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირის მე-20 პაკეტში იყო ყულევის პორტზე საკანონმდებლო წინადადებაც და მტკიცებულებების პაკეტიც.

„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი კი დაირღვა, მაგრამ პატიოსნებამ რა დააშავა?!“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.