სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი რითაც არის დაკავებული, ეს არის პროპაგანდა, ეს არის, რასაც ჩვენ ვამხელთ, ცივილიზაციური უფსკრულისკენ სვლაა, როცა ფიქრობენ, რომ პროპაგანდით ჩაანაცვლებენ ნამდვილ საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია და უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 23 სახელმწიფოს – გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები,იტალია,საფრანგეთი, ესპანეთი, ესტონეთი, ლიეტუვა,ლატვია, ბელგია, მალტა, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, ალბანეთი, ხორვატია, რუმინეთი, სლოვაკეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, სლოვენია.
მისი თქმით, ის, რომ პროპაგანდა საქმეს ვერ ანაცვლებს, ჩანს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში, სადაც არის მთავრობების მიმართ ნდობის ეროზია.
„შეხედეთ გერმანიას, საფრანგეთს. შეხედეთ, რა ხდება საფრანგეთის ქუჩებში, ეს სწორედ ნდობის ეროზიის შედეგია და შემდეგ შეხედეთ, სხვა ქვეყნებში როგორი ნდობა არის ხელისუფლების მიმართ. საქართველოში სწორედ იმიტომ არის ხალხის მხრიდან ნდობა ხელისუფლების, მთავრობის და პარლამენტის მიმართ, რომ როგორც პარლამენტი, ასევე მთავრობა მოქმედებს ხალხის ინტერესებით და არა გლობალური ტრენდებით განპირობებული ინტერესების მომსახურებით, რასაც სამწუხაროდ ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყანა აკეთებს. სწორედ ეს იწვევს ნდობის რღვევას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










