„ნებისმიერი გამოკითხვა აჩვენებს, სად არის „ქართული ოცნება“ და ერთად აღებული „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა დანაყოფით. ეს მაჩვენებელი იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ 100 ხმაზე კი არა, ჩვენ 113 ხმაზე ვსაუბრობთ. საკონსტიტუციო უმრავლესობა სწორედ 113 მანდატია" - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"ის, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს იგებს, ეს არავისში ეჭვს არ წარმოშობს. დამაჯერებელი მოგების გარდა, არჩევნებში ქართველი ხალხი ყველას, ყველა რადიკალს ხმას გააგონებს შიგნითაც და გარეთაც, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის რეკონსტრუქციას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი დაირაზმოს და საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მიანიჭოს.
უკვე მეცხრე თუ მეათე არჩევნები ტარდება და ოპოზიცია ყველა ჯერზე ამბობდა, რომ იმარჯვებდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ქართველმა ხალხმა მათ საკუთარი ადგილი მიუჩინა. კიდევ ერთხელ გამოჩნდება, სად დგას ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა ამ საპარლამენტო არჩევნებში უნდა თქვას, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არა – ომი, იყოს ეკონომიკური წინსვლა და არა – ეკონომიკური კატასტროფა. ოპოზიციისთვის ხმის მიცემა არის ომი საქართველოში. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მიიღოს, რათა ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველამ დაინახოს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.