ვხედავთ, როგორ იმართება გარედან პროცესები. დავით კეზერაშვილი თავს აფარებს ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანას. კრიმინალს რომ თავშესაფარი აქვს ევროკავშირის ტერიტორიაზე, ეს თავისთავად მძიმე ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და აღანიშნა, რომ თავშესაფარს იყენებენ იმისთვის, რომ საქართველოში ვითარება არიონ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთოს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შესაბამის ქვეყნებს, კრიმინალები არ დაუშვან, მათ შორის ისეთი კრიმინალები, რომლებიც ევროპელი პენსიონერების თაღლითობით ითბობენ ხელს. ეს ადამიანი თავს აფარებს მათ ქვეყანას. ეს ადამიანები თავშესაფარს იმისთვის იყენებენ, რომ საქართველოში ვითარება არიონ. რა თქმა უნდა, იქ არის გარკვეული გეგმები. ამიტომ მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა 2024 წლის არჩევნებში ისე, როგორც არასდროს, მკაფიოდ თქვას, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ისეთ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედებს.
ოპოზიციისთვის საქართველოს ინტერესი ნულია, სხვა ქვეყნის ინტერესს გადაგვაყოლებდნენ, დღეს აქ იქნებოდა ომი იმისთვის, რომ მათ დროშები ეფრიალებინათ და ამა თუ იმ დედაქალაქში წითელი ხალიჩები დაეფინათ. ამისთვის მზად იყვნენ, ამ ქვეყანაში ომი და ეკონომიკური კატასტროფა ყოფილიყო. დღესაც „ლელო“ ევროკავშირის წარმომადგენლობაში რომ არის, ის „ლელო“ იყო ინიციატორი, რომ საქართველოს სანქციების ომი გამოეცხადებინა რუსეთისთვის და ამით ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსში ჩავარდნილიყო. ქართველმა ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს ომსა და მშვიდობას შორის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.