გვახსოვს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატებს მანამ არ წარადგენდა პარლამენტში, სანამ ეროვნული ბანკი არ მიიღებდა საქართველოს პრეზიდენტის სასურველ გადაწყვეტილებას. ეს არის პირდაპირი ჩარევა ეროვნული ბანკის საქმიანობაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ნელ-ნელა უფრო და უფრო ჭირს, რომ აიხსნას მისი გადაწყვეტილებები და ქმედებები. ორი რამეა ფაქტი, პრეზიდენტის მხრიდან არის აშკარა, პირდაპირი ზეწოლა ეროვნულ ბანკზე, რომ ეროვნულმა ბანკმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც ის თვლის საჭიროდ. ამიტომ ახდენს ზეწოლას ეროვნულ ბანკზე. გვახსოვს მისი ადმინისტრაციის განცხადება, რომ კანდიდატებს მანამ არ წარადგენდა პარლამენტში, სანამ ეროვნული ბანკი არ მიიღებდა საქართველოს პრეზიდენტის სასურველ გადაწყვეტილებას. ეს არის პირდაპირი ჩარევა ეროვნული ბანკის საქმიანობაში. შევახსენებ ყველას, რომ ეროვნული ბანკი არის საქართველოს პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებული ორგანო, ამიტომ საქართველოს პარლამენტისა და პირადად ჩემი ვალდებულებაა, რომ როდესაც ეროვნული ბანკის საქმიანობაში ჩარევა ხდება და პირდაპირი შანტაჟი პრეზიდენტის მხრიდან, რომ ის ეროვნული ბანკის საბჭოს აქცევს უფუნქციოდ, თუკი არ დაემორჩილებიან მის ნებას და მისი ნების შესაბამისად არ დაადგენენ წესებს. ეს არის პირდაპირ ჩარევა და მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ასეთი ჩარევა შეწყვიტოს.

ვნახე განცხადება კანდიდატებთან დაკავშირებით, სადაც ის ცდილობდა გაემართლებინა მთელი ეს ეპოპეა, ჯერ კანდიდატების წამოყენებაზე, შემდეგ გაწვევაზე. ის ამართლებს ამას იმით, რომ მას სურდა ლუსტრაცია მოეხდინა პარლამენტის და განზრახ წარადგინა არასათანადო კანდიდატები. არ მგონია, რომ ამას რაიმე ჰქონდეს საერთო რეალობასთან, თუმცა ამით გამოდის, რომ პრეზიდენტი ამბობს, რომ მან ინსტრუმენტალიზება მოახდინა ადამიანების. ეს ორი ადამიანი მან გამოიყენა იმისთვის, რომ პარლამენტისთვის რაღაც ეჩვენებინა. შევახსენებ საქართველოს პრეზიდენტს, ამას ჰქვია ადამიანის ინსტრუმენტალიზაცია, რაც სამართლებრივ ტერმინოლოგიაში ნიშნავს ადამიანის ღირსების შელახვას. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ორ მოქალაქეზე ამბობს, რომ ის მათ იყენებდა იმისთვის, რომ რაღაც დაემტკიცებინა თუ ეჩვენებინა, ეს იმდენად აგდებული დამოკიდებულებაა ადამიანის მიმართ, საქართველოს მოქალაქის მიმართ, რომ ამას რა შეფასება შეიძლება მიეცეს არც კი ვიცი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი არ აკმაყოფილებს დასკვნას ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რადგან ერთი მხრივ ეროვნული ბანკის დისკრედიტაციას ცდილობს, ხოლო მეორე მხრივ რადიკალური დღის წესრიგის შენარჩუნებას ცდილობს.

„ამას შეიძლება, მოვუძებნოთ ერთადერთი ახსნა, რომ ერთი მხრივ, მცდელობაა, მოხდეს ინსტიტუტის დისკრედიტაცია, ეროვნულ ბანკს ვგულისხმობ, მეორე მხრივ, რადიკალური დღის წესრიგის შენარჩუნება და რადიკალური ჯგუფებისთვის სალაპარაკოს მიცემა. სხვა მხრივ, ეს ყველაფერი ლოგიკაში აღარ ჯდება და ვერ ვხსნი. იმედი მაქვს, პრეზიდენტი დაუბრუნდება კანონის, კონსტიტუციის ჩარჩოს, რადგან მისი ვალდებულებაა და არა ნება, რომ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედოს. ვფიქრობ, უკვე ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ მოტივაცია არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც მოქმედებებია დამაზიანებელი და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.