“ჩვენმა პარტნიორობამ კიდევ უფრო მეტი რელევანტურობა და სიღრმე შეიძინა უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი, უკანონო და აგრესიული ომის დაწყების შემდეგ. ჩვენი ქვეყნები შავ ზღვას ესაზღვრება. მსოფლიოს ამ რეგიონის უსაფრთხოება კი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპული, არამედ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შავი ზღვა წარმოადგენს შესაძლებლობების სივრცეს და ევროპის ენერგოუსაფრთხოების კუთხით სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
„შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება დღესდღეობით ისტორიულ გამოწვევას წარმოადგენს და ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით, რათა ამ რთულ სივრცეში სტაბილურობა და ხანგრძლივი მშვიდობა უზრუნველვყოთ.
აგრეთვე, შავი ზღვა შესაძლებლობების სივრცეს წარმოადგენს. მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დაკავშირებადობისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების კუთხით. ისტორიული აბრეშუმის გზა, რომელსაც დღეს ხშირად „შუა დერეფანს“ ვუწოდებთ, ევროპასა და აზიას შორის ყველაზე მოკლე და იაფი სატრანზიტო მარშრუტია. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რათა გაზარდოს თავისი როლი, როგორც ლოჯისტიკურმა ცენტრმა და რეგიონში ბიზნესის კეთების ჰაბმა. მოწადინებულები ვართ, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ძირითად სტრატეგიულ პროექტებსა და ინიციატივებში, რათა წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაში. ახალი საბორნე მიმოსვლის დაწყება, რომელიც რუმინეთის კონსტანტას პორტს ფოთის პორტს აკავშირებს, კარგი მაგალითია, რომელიც წარმოაჩენს ჩვენს ძალისხმევას, გავაძლიეროთ დაკავშირებადობა შავ ზღვაში. ამასთანავე, გვჯერა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, აგრეთვე, უდიდესი პოტენციალი აქვს, რათა დაეხმაროს ევროკავშირს ენერგორესურსების დივერსიფიკაციასა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე შეფასებით, ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის ძალისხმევამ უკვე გამოიღო შედეგები საქართველოსთვის - უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ისტორიულად უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ძირითადად, დასავლეთ ევროპული ქვეყნებიდან; 2020 წლის შემდეგ ვაჭრობის გაორმაგება, ექსპორტის ჩათვლით, მზარდი ტურიზმი, გაზრდილი გაცვლები პორტების, რკინიგზისა და აეროპორტების ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
„აბრეშუმის გზას აქვს პოტენციალი მეტი კეთილდღეობა მოუტანოს მისი ოჯახის ყველა წევრს, მათ შორის, აქ, რუმინეთში, ამ გზის მნიშვნელოვან მაკავშირებელ ადგილას შავი ზღვის გადაღმა,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.