პარტია, რომელიც არ არღვევს კონსტიტუციას, სრულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, - ასე უპასუხა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლის კითხვას, თუ რა გარანტია აქვს სხვა პარტიებს, რომ მათაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არ უწოდონ.
პაპუაშვილის თქმით, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპი გულისხმობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია პარტიას, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, არ მისცეს უფლება, იყოს პოლიტიკური ლანდშაფტის შემადგენელი.
„თქვენი გარანტია, უპირველეს ყოვლისა, არის საქართველოს კონსტიტუცია. ამიტომაც, ეს პროცესი მიდის საკონსტიტუციო სასამართლოში. პარტია, რომელიც არ არღვევს კონსტიტუციას, ის არის სრულად დაცული საქართველოს კონსტიტუციით. პარტიას, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, სწორედ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპი ამას გულისხმობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, არ მისცეს უფლება, იყოს პოლიტიკური ლანდშაფტის შემადგენელი. ასე, რომ თქვენი დაცვა არის საქართველოს კონსტიტუცია, რომლითაც ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანებისთვის, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურ დანაწესებს, კონსტიტუციური წესრიგის დანაწესებს, სრულად გარანტირებულია თავისუფალი მოქმედება.
ზუსტად აღარ მახსოვს, რამდენი პარტიაა რეგისტრირებული, რეგისტრირებული და მოქმედი პარტიები ცოტა სხვადასხვა რიცხვია, მაგრამ თუ არ ვცდები, 300 პარტიაა საქართველოში რეგისტრირებული. რომ დავფიქრდეთ, ალბათ მინიმუმ, 50 პარტიას მაინც დავასახელებთ თითოეული ჩვენგანი, პარტიის სახელს, რომელიც ვიცით, რომ არსებობს და მეტ-ნაკლებად აქტიურია. დღეს საუბარია მხოლოდ 5 პარტიაზე, რომელთან დაკავშირებითაც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ასე რომ, ამით ნუ აკნინებთ თუნდაც, თქვენს პარტიას, რომელსაც პირიქით, შესაძლებლობა ეძლევა. როდესაც ძალადობის წამქეზებელი პარტიები, დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელი პარტიები, რომლებიც არ აღიარებენ დემოკრატიას, არ აღიარებენ არჩევნებს, როგორც ინსტიტუტს არ აღიარებენ, როდესაც ასეთი პარტიები არ იქნებიან თქვენთან კონკურენციაში, თქვენ მეტი საშუალება გექნებათ, რომ თქვენს ამომრჩეველს მიმართოთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.








