პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭიროა ხალხისთვის და ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონის საჭიროება, რომ იყოს გამჭვირვალე უცხოური დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხალხი უფრო დიდი ცნებაა, ვიდრე ცალკეული ჯგუფები და პარლამენტმა უნდა გააკეთოს სწორედ ის, რაც ქვეყნისთვის არის კარგი.

„ხალხი არის ფართო ცნება და ხალხი არის, სულ მცირე, 3.7 მლნ მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ასევე, ჩვენი მოქალაქეები ქვეყნის გარეთ. ხალხი უფრო დიდი ცნებაა, ვიდრე ცალკეული ჯგუფები. რაც შეეხება რას აკეთებს პარლამენტი და რა უნდა გააკეთოს – პარლამენტმა, სწორედაც ხალხის, ამ დიდი ჯგუფის წარმომადგენელმა უნდა გააკეთოს ის, რაც ქვეყნისთვის და ხალხისთვის არის კარგი. მასე თუ მივყვებით, ოპოზიციამ 2022 წელს შეძლო მათ შორის მოქალაქეების გარკვეული რაოდენობის მობილიზება, რათა მოეთხოვათ მოხალისე მებრძოლების უკრაინაში გაშვება.

უნდა გაგვეშვა? მათ მოახერხეს 2022 წელს ხალხის მობილიზება რუსთაველზე, რომლებიც ითხოვდნენ, სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის. უნდა დაგვეწესებინა? მათ მოახერხეს გარკვეული რაოდენობის ხალხის მობილიზება რუსთაველზე, რომლებიც ითხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გაგვეთავისუფლებინა. უნდა გაგვეთავისუფლებინა? ეს ასე არ წყდება. ხალხი წყვეტს უპირველეს ყოვლისა არჩევნებზე საკუთარი წარმომადგენლებისთვის თავისი მანდატის მინიჭებით.

პარლამენტში წარმოდგენილი არის ყველა პოლიტიკური გემოვნება, ასე ვთქვათ, რაც საზოგადოებაში არის და პარლამენტი სწორედ არის ასახვა საზოგადოებისა, თავისი ინტერესებით, ჯგუფებით, სიმცირით, თუ სიდიდით. ამის ასახვა არის საქართველოს პარლამენტში და ამიტომაც არის საქართველოს პარლამენტი ლეგიტიმირებული, რომ მიიღოს ასეთი სახის გადაწყვეტილება. ამიტომ, პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭირო არის ხალხისთვის და ამ დღეებმა დაადასტურა კიდევ ერთხელ, საჭიროება ამ კანონის, რომ იყოს გამჭვირვალე უცხოური დაფინანსება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.