ევროკავშირიდან გასული დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ახლა უკვე ევროკავშირში არასდროს შესული შვეიცარია აღელდა ევროინტეგრაციაზე. მოდი, ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი აღნიშნულით საქართველოში შვეიცარიის საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ბანერს გამოეხმაურა.

„ნეიტრალური შვეიცარიის საელჩო რომ უადგილოდ აჟიტირდება, მაშინ კი ნამდვილად უნდა მიხვდე კაცი, რომ გეოპოლიტიკურად აღრეულ დროებაში ცხოვრობ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოში შვეიცარიის საელჩომ ბანერი გამოაქვეყნა, სადაც წერია: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუცია, 78-ე მუხლი“.