"რევოლუციას მსხვერპლი სჭირდება. დამარცხებულ რევოლუციას, მით უმეტეს. და ამ მსხვერპლის როლში სწორედ ისინი აღმოჩნდნენ, ვისი წაქეზება და გამოყენებაც ყველაზე ადვილი იყო", - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
მისი თქმით, დღეს მთავარი კითხვა ის კი აღარ არის, რატომ არის ეს 72 ადამიანი პატიმრობაში. მთავარი კითხვაა: ვის სჭირდება, რომ ისინი იქ დარჩნენ? მისი თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულება არც მაშინ ყოფილა განსხვავებული და არც დღეს შეცვლილა: ეს ადამიანები მანიპულაციის მსხვერპლები არიან. ჯერ გამოიყენეს როგორც ბარიკადის ჯარისკაცები, ახლა კი პატიმარ-მსხვერპლებად იყენებენ.
"2024-2025 წლების ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო, ძალადობის ორგანიზატორების მიღმა, სისხლისსამართლებრივი დევნა, დაახლოებით 100 პირის მიმართ დაიწყო. დღეს მათგან 45 ადამიანი თავისუფალია - დანაშაულის აღიარების საფუძველზე, ნაწილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ნაწილი კი პრეზიდენტმა შეიწყალა. 72 პირი კვლავ პატიმრობაშია. ეს მდგომარეობა ერთ მთავარ კითხვას აჩენს: თუ ხელისუფლების მიზანი ამ ადამიანების ციხეში გამოკეტვაა, როგორც ამას მათი სახელით მოლაპარაკე ადამიანები ამტკიცებენ, მაშინ რატომ არის 45 ადამიანი დღეს თავისუფალი? პასუხი მარტივია: სახელმწიფოსთვის ეს ადამიანები არასოდეს ყოფილან პოლიტიკური მტრები. ისინი იყვნენ ბრმა იარაღი იმ უპასუხისმგებლო ადამიანების ხელში, რომლებმაც ჯერ დაარწმუნეს, რომ რევოლუციის სახელით კანონის დარღვევა გმირობა იყო, შემდეგ ბარიკადებზე გაუშვეს, ხოლო როდესაც რევოლუცია ჩავარდა და პასუხისმგებლობის დრო დადგა, თვითონ მშვიდად დარჩნენ ბარიკადების მიღმა.
რევოლუციას მსხვერპლი სჭირდება. დამარცხებულ რევოლუციას, მით უმეტეს. და ამ მსხვერპლის როლში სწორედ ისინი აღმოჩნდნენ, ვისი წაქეზება და გამოყენებაც ყველაზე ადვილი იყო. ამიტომ, დღეს მთავარი კითხვა ის კი აღარ არის, რატომ არის ეს 72 ადამიანი პატიმრობაში. მთავარი კითხვაა: ვის სჭირდება, რომ ისინი იქ დარჩნენ? ხელისუფლებას? მაშინ რატომ გათავისუფლდა 45 ადამიანი საპროცესო შეთანხმების და პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე? რატომ არსებობს თავისუფლებისკენ სამართლებრივი გზა მათთვის, ვინც საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებს და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს? თუ, მათი პატიმრობაში დარჩენა, სინამდვილეში, სწორედ მათ სჭირდებათ, ვინც ბარიკადებისკენ მიერეკებოდა, შემდეგ კი მათგან "თვალხატულებს", "ღიმილის ბიჭებს", "მზეებს" და პოლიტიკური ბრძოლის სხვა სიმბოლოებს ძერწავდა?
ჩვენი დამოკიდებულება არც მაშინ ყოფილა განსხვავებული და არც დღეს შეცვლილა: ეს ადამიანები მანიპულაციის მსხვერპლები არიან. ჯერ გამოიყენეს როგორც ბარიკადის ჯარისკაცები, ახლა კი პატიმარ-მსხვერპლებად იყენებენ. სახელმწიფოს მიდგომა მარტივია: გააცნობიერე, რაში მონაწილეობდი; აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე; აღიარე, რომ კანონი დაარღვიე და დაადასტურე, რომ იმავეს აღარ გაიმეორებ. ეს არ არის პოლიტიკური შეხედულებების უარყოფის მოთხოვნა. ეს არის კონკრეტული ქმედებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება. ამაში არც დამცირებაა, არც ნიშნის მოგება და არც ვინმეზე მორალური უპირატესობის დემონსტრირება. ეს არის სამართლის უზენაესობის და ჰუმანური სახელმწიფოს ერთდროული სტანდარტი. მაგრამ, სრულიად სხვა რამ არის ის მორალური ტერორი, რომელსაც დღეს მათ მიმართ ახორციელებენ ადამიანები, რომლებიც თავად თავისუფლად სხედან ბრიუსელის თუ თბილისის კაფეებში და სხვებს კარნახობენ, რომ "ბოლომდე უნდა იჯდნენ". რატომ? იმიტომ, რომ მათ მსხვერპლი სჭირდებათ. სჭირდებათ ადამიანი ციხეში, რათა თვითონ გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ. სჭირდებათ "თვალხატულები" და "ვარსკვლავები" პლაკატებზე, რათა საკუთარი პოლიტიკური ეგო გამოკვებონ და დამარცხებული რევოლუციისთვის მსხვერპლის სახე შეინარჩუნონ. ამიტომ მათი შეძახილი - „თავისუფლება პატიმრებს!“, სინამდვილეში, სულ უფრო მეტად საპირისპირო შინაარსს იძენს: - არ აიღოთ პასუხისმგებლობა! - არ გაბედოთ ციხიდან გამოსვლა! - იჯექით ბოლომდე! - ჩვენ თქვენი თავისუფლება კი არა, თქვენი პატიმრობა გვჭირდება! თუმცა, ეს გზა, უკვე დიდი ხანია, ჩიხია. განაჩენები დამდგარია, დანაშაულები - აღიარებული, აღარ დარჩა საღი გონების ადამიანი ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, რომელიც იტყვის, რომ პროტესტი ძალადობრივი არ იყო.
რევოლუციასთან ერთად რევოლუციური პროპაგანდაც დამარცხდა. სწორედ ამიტომ არის დღეს განსაკუთრებით მძიმე ამ 72 ადამიანის მდგომარეობა. ისინი მხოლოდ საკუთარი დანაშაულის გამო კი არ იხდიან სასჯელს. ისინი იმ ადამიანების უსინდისობის ტყვეებადაც რჩებიან, რომლებმაც ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგეს, შემდეგ მიატოვეს და ახლა გათავისუფლებასაც მორალურ დანაშაულად უცხადებენ. ამიტომ მათ ყველაზე ზუსტად ერთი სახელი შეეფერებათ: "უსინდისობის პატიმრები",- წერს შალვა პაპუაშვილი.












