ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, პირველი იანვრიდან დღემდე, ცხრა თვის განმავლობაში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტი
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში კი სამართალდარღვევის 42 ფაქტია გამოვლენილი, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის ტრანსპორტირებას უკავშირდება. ასევე, იმერეთის რეგიონში გამოვლენილია სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ერთი ფაქტი.
სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სექტემბრის თვეში ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 82 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მექრანი, რომელიც, შემდგომი განკარგვის მიზნით, სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან ცხრა სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, ერთი – სამცხე-ჯავახეთში, 12 – სამეგრელო ზემო სვანეთში, ათი – ქვემო ქართლის რეგიონში, ოთხი – გურიაში, ოთხი – კახეთში, ხოლო ერთი – შიდა ქართლის რეგიონში.
„მოგეხსენებათ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, აქტიურად მიმდინარეობს სატყეო რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება და უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტების შემცირებაა. ჩვენი მთავარი ამოცანა ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის შემცირებაა, რისთვისაც კონკრეტულ სამცველოებზე მონიტორინგში დამატებით 401 ტყის მცველია ჩართული. ყველა ეს ღონისძიება შესაბამის უწყებებთან ერთად, საბოლოო ჯამში, კონტროლის ეფექტიანად განხორციელების საშუალებას იძლევა“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.




