საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და აზიარებს საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას:

"მასპინძელი ხელისუფლების პარტიად მოხსენიებას და ქართველი ხალხის მიმართ მსგავს შეუფერებელ ლაზღანდარობას, უმჯობესი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი საკუთარ ქცევაზე გასცემდა ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვას პასუხს: რატომ აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ევრონაცების "ტაბულას" და ნაცების "გია ჯაფარიძის" დაფინანსებას, რომელთა გაცხადებული მიზანი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა, ანუ მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელთა მიზანია "საქართველოს სუვერენიტეტის შესუსტება, შუღლის დათესვა და ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შეფერხება".- წერს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ: ევროკავშირთან, ნატოსთან და სახელმწიფოების ფართო კოალიციასთან ერთად, გაერთიანებულმა სამეფომ გააკრიტიკა რუსეთის უპასუხისმგებლო, დამანგრეველი და დესტაბილიზაციის გამომწვევი ჰიბრიდული აქტივობა, მიმართული გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის, ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ. რუსეთის მხრიდან მუდმივი მტრული ქმედებების საპასუხოდ, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა 4 ორგანიზაციასა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის 21 აგენტს, ჰიბრიდული აქტივობისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა გაერთიანებული სამეფოს, უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოების დარღვევას. - ამის შესახებ განცხადებას  საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.