საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის მიერ რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება.

„მადლობას ვუხდი ევროპარლამენტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობის, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ძლიერი გზავნილის გამო. საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებთან მჭიდრო კონსულტაციებს დღის წესრიგში ოკუპაციის საკითხის შენარჩუნების, აგრეთვე, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ევროპარლამენტმა 495 ხმით მიიღო რეზოლუცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ.

ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას, მოუწოდებს ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიანი გამოძიებისკენ.