მივესალმები ჩემს კოლეგას, ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოჰანას და მის თანმხლებ დელეგაციას,’’ - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საშემოდგომო სესიის გახსნის დროს ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს ამირ ოჰანას და მის თანმხლებ დელეგაციას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გუშინ გამართული შეხვედრის დროს, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოებს შორის მზარდი თანამშრომლობის შესახებ.
მისი თქმით, ქნესეთის თავმჯდომარის ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
,,გუშინ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა და განვიხილეთ საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მზარდი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის გაღრმავებისთვის. მოხარული ვარ, რომ პირადი კონტაქტი დავამყარეთ. შეხვედრაზე დადებითად შევაფასეთ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის აქტიური კომუნიკაცია და გამოვხატეთ მზადყოფნა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი საპარლამენტო თანამშრომლობა, მათ შორის, კომიტეტებს შორის გაცვლების გააქტიურებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის არსებული 26-საუკუნოვანი კავშირების კიდევ უფრო ნაყოფიერ და მეგობრულ ორმხრივ ურთიერთობად გარდაქმნას,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ორი მოძმე ერს შორის მრავალსაუკუნოვანი მშვიდობიანი თანაცხოვრების ისტორიაზე.
,,საქართველოში ებრაული თემი ყოველთვის მშვიდობიანად ვითარდებოდა, ყოველთვის პატივს ვცემდით მათ უფლებებსა და ადათ-წესებს. ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა ქართველ შინდლერად წოდებული სერგო მეტრეველის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ებრაელების სიცოცხლის გადარჩენა. მადლობას ვუხდით ამირ ოჰანას სერგო მეტრეველის პატივსაცემად მისი შთამომავლებისთვის საპატიო სიგელების გადაცემისთვის. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია ორი მოძმე ქვეყნისა და ხალხის ისტორიაში. მადლობას ვუხდი ბატონ ოჰანას და თანმხლებ დელეგაციას ვიზიტისთვის.
გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებაზე,’’ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.