„ლელო“ რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში 2022 წლის თებერვალში, საქართველოში დაიწყებოდა ომი და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, გვახსოვს მაშინ რა მოთხოვნები ჰქონდა „ლელოს“, ისინი ითხოვდნენ, რომ მეომრები გაგვეგზავნა საქართველოს მთავრობას უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად და მოგვიწოდებდნენ, რომ ჩაგვეკეტა საზღვრები და ა.შ. „ლელო“, რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში 2022 წლის თებერვალში, საქართველოში დაიწყებოდა ომი და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი. დღეს გვექნებოდა არა აშენებული გზები და მაგისტრალები, არამედ გვექნებოდა დანგრეული და აფეთქებული ხიდები, გაუბედურებული ოჯახები, სიკვდილი და ეკონომიკური კრიზისი. ეს იქნებოდა „ლელოს“ ხელისუფლებაში ყოფნის შედეგი. ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ, პირადად ჩვენ მოგვიწოდებდნენ და შეხვედრებზე გველაპარაკებოდნენ, გაგვეგზავნა უკრაინაში მებრძოლები, ჩაგვეკეტა საზღვრები. ეს არის პირდაპირი გზა ომისკენ რუსეთთან. ეს არის სინამდვილეში „ლელოს“ საარჩევნო პროგრამა. ერთადერთი, რაც სლოგანი უნდა დააწერონ საარჩევნო პროგრამას, არის „ომი საქართველოში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.