7 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა დღევანდელი ჩვენი შეხვედრა. მიხარია, რომ ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. 3 საკითხიდან ერთი, რომელიც სასამართლოებს ეხება, გადავდეთ შემდეგი შეხვედრისთვის და შევეცდებით, რომ ის მალე ჩავნიშნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„გვქონდა საუბარი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის საკითხებზე. აქ 8 საკითხი განვიხილეთ და ფაქტობრივად ყველაზე შევთანხმდით. ასევე ანტიკორუფციულ ბიუროზე, სადაც 17 საკითხიდან 15-ზე შევთანხმდით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით პარლამენტში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაში არ მონაწილეობდა „ლელო“, რომელმაც პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა.