როგორც ამბობენ, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების. ეს ხალხი ფინანსებზე და ფულზე ფიქრობს. როგორც 2008 წლის ტრაგედია და ომი გადაიტანეს იმ მიგდებული 4-მილიარდით, რომლითაც დაამშვიდეს საკუთარი სინდისი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომლის მიდედვით, „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში, აი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან“.
„ჩვენ არ ვიომეთ, ჩვენი სოფლები, ქალაქები არ დაინგრა და ჩვენი ხალხი არ დაიხოცა. სწორედ ამიტომ გვექაჩებოდნენ ომში ნიკა გვარამია და მისი თანამოაზრეები, ისინი, ვინც მაშინ პარლამენტის შიგნით იყვნენ და ისინი, ვინც გარეთ იყვნენ, „ენჯეოები“, რომლებიც დემონსტრაციებს აწყობდნენ, ჩვენი მებრძოლები რომ გაგვეგზავნა უკრაინაში. გვითრევდნენ ომში, რომლის ბოლოს რომ მილიონებზე, მილიარდებზე, თუ ტრილიონებზე ჰქონოდათ წვდომა, თვალწინ ფული აქვთ აფარებული. ფიქრობენ, ომიდან სარგებელი ნახონ. ჩვენ ვიცით, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ომისგან სარგებელს იღებენ, ამიტომ არის ზოგჯერ ომი განპირობებული იმით, რომ ზოგიერთი ხელს ითბობს. ამ ადამიანმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც სურდათ ომი, რომ შემდგომ ფინანსურად ხელი მოეთბოთ. ეს არის საკუთარი თავის მხილება, რასაც დიდი ხანია, ვხედავდით. ასე უყურებენ 2008 წლის ომსაც, მიიღეს 4 მილიარდი და ბედნიერი იყვნენ. ეს თანხა მიიღეს, რომ საკუთარ სახლიდან გამოქცეული ლტოლვილებისთვის აშენებულიყო სახლები, მაგრამ მათ რაიმე ჩაუნაცვლებდა საკუთარ სახლებს, დაღუპულებს? როგორც ჩანს, გვარამიას, მისი პოლიტიკური თანამოაზრეებისა და აგენტურის თვალში სიკვდილის და ნგრევის კომპენსაცია არის ფული. ფულად უღირთ ყველაფერი. მხილებაა, რა საშინელებაში გვითრევდნენ, ომისთვის გვწირავდნენ, ქალაებს და სოფლებს ნგრევისთვის, ქალებს და ბავშვებს სიკვდილისთვის, რომ შემდეგ ფული მიეღოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.











