გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებამ, სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანეს როგორც სამართლებრივი, ისე მორალური განაჩენი მაშინდელი ხელისუფლების მიმართ და ამას ვერაფერი შეცვლის, – ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შალვა შავგულიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, ეს არის იმ სამწუხარო ისტორიის ნაწილი, რომელიც საქართველოს ჰქონდა, როდესაც რეჟიმი იყო დამყარებული ჩაგვრაზე და ადამიანი არაფრად ითვლებოდა.

„ზოგადად, რთულია ასეთი შეფასებების კომენტირება. გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ვფიქრობ, საზოგადოებამ და არა მხოლოდ საზოგადოებამ, სტრასბურგის სასამართლომაც, გამოიტანეს როგორც სამართლებრივი, ისე მორალური განაჩენი მაშინდელი ხელისუფლების მიმართ და ამას ვერაფერი შეცვლის. ეს არის ნაწილი იმ სამწუხარო ისტორიისა, რომელიც საქართველოს ჰქონდა, როდესაც რეჟიმი იყო დამყარებული ჩაგვრაზე, რომ ადამიანი არაფრად არ ითვლებოდა. სწორედ ეს თქვა სტრასბურგის სასამართლომაც, ეს თქვა ქართველმა ხალხმაც, როდესაც 2012 წელს პოლიტიკური პააუხი გასცა მაშინდელ რეჟიმს. ამიტომ ეს მცდელობები არის ახლა, რომ დააკნინონ ის მორალური და სამართლებრივი განაჩენები, რომელიც ქართველმა ხალხმა, ქართულმა და საერთაშორისო მართლმსაჯულებამ გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“. ამიტომ ამას არანაირი შედეგი არ ექნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა: „მაჩალიკაშვილის საქმე რით არ არის უარესი, ვიდრე იყო გირგვლიანის საქმე. გირგვლიანის საქმეზე რესტორანში მოხდა კონფლიქტი, ხოლო მაჩალიკაშვილის საქმეზე არავითარი კონფლიქტიც კი არ მომხდარა“.