შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და იაპონიის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

მერმა იაპონიის პარლამენტის წევრს კარენ მაკიშიმას, ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებში პარლამენტის ვიცე-მინისტრს ჰიდეტო კავასაკის, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის გენერალურ დირექტორს კოზო იბატას და დელეგაციის სხვა წევრებს წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს ტურიზმის, კულტურული და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროებში. გენადი ბალანჩივაძემ დადებითად შეაფასა წყალტუბოსა და იუგავარას შორის დამეგობრების მიმართულებით დაწყებული თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ შესაბამისი მემორანდუმის გაფორმება წყალტუბოს საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ციფრული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი ესწრებოდნენ. დღესვე იაპონელმა სტუმრებმა წყალტუბოს ტურისტული ღირსშესანიშნაობები და თერმული წყლები დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს.