საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახს შეხვდეს და დაზარალებული მხარის პოზიცია მოისმინოს.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის განმარტებით, იმისათვის, რომ აღნიშნულ საქმეზე არც დაზარალებულს და არც საზოგადოებას კითხვები პასუხგაუცემელი არ დარჩეს, ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ერთ ნაწილზე გამოძიება დასრულდა და სასამართლოში წარიმართა, ხოლო გამოყოფილ საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება, გამოყოფილ საქმეზე კიდევ ორი ბრალდებული დააკავებული დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. აქვე დავძენ, რომ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იძიებენ აღნიშნულ საქმეს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ტარდება ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და ამავდროულად, მათ შორის, დაზარალებულთან, ინტენსიურ კავშირია მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და სხვა გარემოებებთან დაკავშირებით.
სრული მზაობაა პროკურატურის მხრიდან, დაზარალებული მხარის პოზიცია მოვისმინოთ, მათ შორის, ქალაქის პროკურორი გამოხატავდა და გამოხატავს დაზარალებულ ოჯახთან შეხვედრის მზადყოფნას. დღეს ეს შეხვედრა ტექნიკური დეტალების გამო ვერ მოხერხდა, მაგრამ ქალაქის პროკურორი მზადაა, ნებისმიერ დროს შეხვდეს დაზარალებულს. პროკურატურა დაინტერესებულია, რომ აღნიშნულ საქმეში არ დარჩეს რამე კითხვის ნიშანი, სრულად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო მოქმედება, რისთვისაც მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო“,- განაცხადა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ საქმეზე არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს, ყველა საგამოძიებო მოქმედება ტარდება.
„იმის გათვალისწინებით, რომ [დაკავებულები] არასრულწლოვნები არიან, მათთან მიმართებაში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მოქმედებს, არსებობს გარკვეული გარემოებები, რომელიც სპეციფიკურად იმართება, თუმცა, გამოძიების ფარგლებში, რა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების აუცილებლობაც გამოიკვეთება, მტკიცებულების მოპოვების საჭიროებიდან გამომდინარე, ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება და მაქსიმალურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა მზად არის, ითანამშრომლოს, ერთი მხრივ, დაზარალებულთან და მეორეს მხრივ, საქმეზე არ დარჩეს არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი“, - განაცხადა ვეფხვაძემ.




