ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა გუშინ, გვიან საღამოს ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა და აღიარა, რომ 2022 წელს რიიგიკოგუს წევრ ვარო ვოოგლაიდს და „ოჯახის და ტრადიციების დაცვის ფონდს“ ცილი დასწამა.

პოსტში, რომელიც ესტონეთის სააპელაციო სასამართლოს გამოტანილი საბოლოო ვერდიქტის შემდეგ ძალაში შესული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით და მის მიერ მოთხოვნილი ფორმულირებით აიტვირთა სოციალურ ქსელში, კაია კალასი წერს:

„მე, კაია კალასმა, 2022 წლის 17 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტში გამოვაქვეყნე არასწორი ფაქტობრივი მტკიცებები, მაგალითად, რომ ესტონეთის პოლიციას ტოომპეაზე თავს დაესხნენ ვარო ვოოგლაიდის და „ოჯახისა და ტრადიციების დაცვის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე და რომ ვარო ვოოგლაიდმა და EKRE-მ (ესტონეთის კონსერვატიული პარტია - „აიპრესი“) 2021 წლის 23 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დემონსტრაცია მოაწყვეს. აღნიშნული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება“.

კაია კალასის პოსტი ესტონურ მედიაზე ადრე შენიშნა და თავის ფეისბუქგვერდზე  გააზიარა რიიგიკოგუს დეპუტატმა ვარო ვოოგლაიდმა.

„კაია კალასმა გააკეთა ის, რაც სასამართლომ დაავალდებულა - გამოაქვეყნა ფეისბუქზე პოსტი მოთხოვნილი ფორმულირებით, სადაც აღიარა, რომ ჩემსა და SAPTK-ის („ოჯახისა და ტრადიციების დაცვის ფონდის“ - აიპრესი“) მიმართ ცილისწამებას ავრცელებდა“. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჩემი უფლებების დასაცავად სასამართლოში წასვლისთვის სასჯელის სახით კაია კალასისთვის დაახლოებით 7000-8000 ევრო თუ ცოტა ნაკლების გადახდა მაქვს დაკისრებული. „მოკლედ, ესტონეთში არავის ვურჩევ, საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში წასვლას, განსაკუთრებით რეფორმების პარტიის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. გაუმარჯოს ესტონეთს, სადაც კანონის სრული უზენაესობა სუფევს!“ - წერს ვარო ვოოგლაიდი კომენტარში, რომელიც გაზიარებულ პოსტს წარუმძღვარა.


ცნობისთვის, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა 2021-2024 წლებში, კაია კალასმა, 2022წლის 17 თებერვალს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა:

„ესტონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის პირველი მუხლი აცხადებს, რომ ესტონეთი დამოუკიდებელი და სუვერენული დემოკრატიული რესპუბლიკაა. იმავე დღეს, როცა მთელ მსოფლიოში ლურჯ-ყვითელი დროშები ფრიალებს რუსული აგრესიის სამიზნე უკრაინის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, ლურჯ-შავ-თეთრ დროშის მიღმა დამალული „თავისუფლებისთვის მებრძოლი“ და „ტრადიციების დამცველი“ ესტონეთის დამოუკიდებლობას ესხმის თავს.

ჩვენ გვახსოვს მათ მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია ტოომპეაზე, სადაც ესტონეთის პოლიციას თავს დაესხნენ. გვახსოვს ვარო ვოოგლაიდის და EKRE-ს მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია 23 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე, სადაც მათ ესტონელ ექიმებს, მეცნიერებსა და სამედიცინო მუშაკებს თავს დაესხნენ. სამწუხაროდ, ესტონეთის სახელმწიფოს მტრად წარმოჩენა ვარო ვოგლაიდის და მისი მხურვალე მხარდამჭერი EKRE-ს პოლიტიკური რიტორიკის ნაწილი გახდა“.

ვარო ვოოგლაიდმა ვოოგლაიდმა საკუთარი უფლებების დასაცავად სარჩელი შეიტანა.

2024 წლის 25 ნოემბერს, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ვოოგლაიდის და მისი ხელმძღვანელობით მოქმედი SAPTK-ის მიერ შეტანილი სარჩელი და კალასს დაავალა უკან წაეღო თავისი მტკიცება რომ პოლიციას ვოოგლაიდის და/ან SAPTK-ის მიერ ორგანიზებული დემონსტრაციის დროს დაესხნენ თავს და რომ თავისუფლების მოედანზე 2021 წლის ოქტომბერში ჩატარებული დემონსტრაციის ორგანიზატორები იყვნენ ვარო ვოოგლაიდი და ესტონეთის კონსერვატიული პარტია.

ამავდროულად, სასამართლომ უარყო კალასის განცხადებასთან დაკავშირებული სარჩელი, რომელშიც ნათქვამი იყო: „ჩვენ გვახსოვს ვარო ვოოგლაიდისა და EKRE-ს მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია 23 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე, სადაც ისინი თავს დაესხნენ ესტონელ ექიმებს, მეცნიერებსა და სამედიცინო მუშაკებს“.

სასამართლომ დაადგინა, რომ სიტყვა „თავდასხმა“ ჩვეულებრივი მკითხველის მიერ ვერბალურ თავდასხმად იქნებოდა აღქმული, მაშინ როცა დემონსტრაციაზე მიტანილი სხვადასხვა პლაკატები და იქ წარმოთქმული გამოსვლები შეიძლება ესტონელ ექიმებზე, მეცნიერებსა და ჯანდაცვის მუშაკებზე ვერბალურ თავდასხმად ჩაითვალოს (დემონსტრაცია მორიგი კოვიდშეზღუდვების და „სავალდებულო ვაქცინაციისადმი“ პროტესტის ნიშნად გაიმართა - „აიპრესი“) და არა სხვა ტიპის თავდასხმად.

გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ კალასის განცხადება - „იმავე დღეს, როდესაც ლურჯი და ყვითელი დროშები მთელ მსოფლიოში ფრიალებს უკრაინის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, რომელიც რუსული აგრესიის სამიზნეა, ლურჯი, შავი და თეთრი დროშის უკან დამალული „თავისუფლებისთვის მებრძოლი“ და „ტრადიციების დამცველი“ ესტონეთის დამოუკიდებლობას ესხმის თავს“ - არასწორი ფაქტობრივი მონაცემების შემცველი კი არა, შეფასებითი ხასიათის განცხადებაა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვარო ვოოგლაიდის და „ოჯახისა და ტრადიციების დაცვის ფონდის“ მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების (დაახლოებით 2000 ევრო) და კაია კალასის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების (დაახლოებით 12 500 ევრო) 20% კაია კალასმა უნდა აანაზღაუროს, 80% კი ვარო ვოოგლაიდმა და „ოჯახისა და ტრადიციების დაცვის ფონდმა“.

ვარო ვოოგლაიდი რაიონული და საოლქო სასამართლოების ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის განხილვაზე უარის თქმის შემდეგ, იგი იძულებულია „დაიწყოს თანხის ძებნა სასამართლო ხარჯების დასაფარად“