„ოპოზიციის მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა და როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში მოუშვას ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც იმხელა გაგება არა აქვთ სახელმწიფოებრიობის, რომ როდესაც შენი ქვეყნის მართლმსაჯულების წინააღმდეგ პრეტენზიებს აყენებენ, მინიმუმ ხომ უნდა იკითხონ, ამის უკან არის თუ არა მტკიცებულებები. „ქართული ოცნება“ ხომ სვამს კითხვას, სად არის მტკიცებულებები, რომელიმე ოპოზიციონერისგან მოგისმენიათ 1 კითხვა მაინც? - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

' ჩვენ არ ვართ რელიგიურ გაერთიანებაში, სადაც რწმენით წყდება ასეთი საკითხები. ჩვენ საქმე გვაქვს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ბრალდებასთან. სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩი უყენებს ძალიან მძიმე ტერმინებს კონკრეტული ინდივიდების მიმართ, კორუმპირებულებს უწოდებს მოქმედ მოსამართლეებს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ის, ვინც აყენებს პრეტენზიებს, მან უნდა მოიტანოს მტკიცებულებები. თუკი მტკიცებულებები არ არის, პრეტენზიას არ აქვს საფუძველი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ლევან მურუსიძე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ), მიხეილ ჩინძალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ) ირაკლი შენგელია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი,  თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) და ვალერი ცერცვაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე  2007-2017 ) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

 ენტონი ბლინკენმა განაცხადა: ამერიკაში შესვლა აეკრძალათ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი აცხადებს: ჩინჩალაძის, მურუსიძის, ცერცვაძის და შენგელიას სანქცირების გადაწყვეტილება გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ