კონტეინერით შემოპარული პრეზიდენტის გეგმა ჩაიშალა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახური გამართულად მუშაობს და ზოგი საკითხის პრევენციას ისე ახდენს, რომ საზოგადოება შეიძლება ვერც იგებდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შედეგად გამოვლენილი ფაქტები, რომელიც საზოგადოებას ეცნობა, რეალურია.
„ოპოზიციის წარმომადგენლები თავს იკატუნებენ, სად და როგორ ხდებაო, მაგრამ შევახსენებ - ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც ყოფილი პრეზიდენტი კონტეინერით შემოაპარეს და ვიცით, რომ ამაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახური იყო ჩართული. ოპოზიციის წარმომადგენლები ისე ირონიით ეკიდებიან ამ კანონს, არეულობის მოწყობა თითქოს გამოგონილი თემა იყოს. ერთადერთი, ვისაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი „დასუსხავს“ იქნებიან ისინი, ვისაც ამ ქვეყანაში გადატრიალება უნდათ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 74 ხმით, 22-ის წინააღმდეგ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო.
კანონის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.