ის, რომ დღემდე არ ხდება დავით კეზერაშვილის გადმოცემა საქართველოსთვის, რათა მოიხადოს სასჯელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე, ესეც სკანდალური ფაქტია, გამომდინარე იქიდან, რომ დამნაშავეს თავი აქვს შეფარებული ევროკავშირისთვის. იცით, რომ საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა გადმოცემაზე, მფარველობენ მას ევროკავშირის ქვეყნებში, თავისუფლად გადაადგილდება, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კეზერაშვილი იმ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი იყო, რომლის პოლიტიკური თანამდებობის დაახლოებით 15 პირი გასამართლდა დანაშაულებისთვის, სააკაშვილისა და კეზერაშვილის ჩათვლით.
„ამ სისტემის წარმომადგენელზე გვაქვს საუბარი და როდესაც ასეთი ადამიანის სახელი და გვარი გვხვდება ევროპარლამენტის რეზოლუციებში, რა თქმა უნდა, აქ კითხვის ნიშნები ჩნდება - რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის ეს პოლიტიკური მფარველობა და ამ პოლიტიკური მფარველობის უკან, რა პოლიტიკური თუ სხვა სახის ინტერესები დგას.
ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა ქართველი ხალხის წინაშე, როდესაც მფარველობდა მიხეილ სააკაშვილს და არ გადმოსცემდა ქართულ მართლმსაჯულებას სასჯელის მოსახდელად. ვნახეთ, შედეგი რა იყო. კინაღამ ააყირავა აქ სიტუაცია, როდესაც ჩუმად შემოიპარა საქართველოში. რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც ეფექტიანად იმუშავა და დროულად დააკავა, არავინ იცის, რა არეულობა იქნებოდა დღეს თბილისის, საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში.
ევროკავშირის ის ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებიც მფარველობდნენ მიხეილ სააკაშვილს, ქართველი ხალხის წინაშე არიან ვალში. მათ დაუშვეს ის, რომ მფარველობდნენ დამნაშავეს და დააყენეს რისკის წინაშე ქართველი ხალხის უსაფრთხოება. ვფიქრობ, ეს ვალი გადასახდელი აქვთ. გადასახდელი აქვთ მათ შორის იმით, რომ გადმოსცენ საქართველოს დავით კეზერაშვილი, ასევე ზურაბ ადეიშვილი, რომელიც თავს აფარებს უკრაინას და ესეც არის ცინიზმი. ცინიზმია, რომ ადეიშვილს დღეს მიბარებული აქვს სამართლებრივი და სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხები და ის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სტრასბურგშიც ერთი-ორჯერ ვნახეთ მედიის საშუალებითაც, რომ ის ევროსაბჭოს სტრუქტურებში გადაადგილდება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.