საქართველოს მოქალაქეებზე, ქართველ მოსამართლეებზე პიროვნული შეტევა და მათზე, კორუმპირებული მოსამართლეების იარლიყების მიწებება არის აბსოლუტურად მიუღებელი - პარტნიორები ასე არ იქცევიან. საქართველო არის აშშ-ის ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორი: ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, მხარდამხარ, სხვადასხვა ცხელ წერტილში იბრძოდნენ, იქნებოდა ეს ერაყი თუ ავღანეთი. ჩვენმა ხალხმა გაიღო სისხლი ამერიკელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, იმისთვის, რომ საერთაშორისო მშვიდობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ელჩთან შეხვედრაზე მან იმედგაცრუება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე მოხდა.
„ამ პარტნიორობას ჩვენ 30 წელი პატიოსნად ვატარებთ და ყოველთვის, სადაც საჭიროა ჩვენი თანადგომა და პარტნიორობა, ჩვენ ამას ვიჩენთ, მათ შორის, იმით, რომ ავღანეთში საქართველო იყო ამერიკის შემდეგ ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით. მათ შორის იმითაც, რომ როცა უკან იხევდა ალიანსის ძალები, საქართველომ, უმოკლეს ვადებში, ლოგისტიკურად მოაწესრიგა ავღანეთიდან ალიანსის ძალების უკან დახევა და ამან უზრუნველყო ის, რომ პროცესი მთლიანად ორგანიზებული ყოფილიყო. ამ გადმოსახედიდან და ამ პარტნიორობის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველო აჩვენებს აშშ-ს, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი არ არის ის, როგორც იქცევიან პარტნიორები. როდესაც ხდება ჩვენი მოქალაქეებისთვის - მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება, რომ ისინი არიან კორუმპირებულები, ამავე დროს იმ კონტექსტში, რომ არ ხდება არანაირი მტკიცებულების წარმოდგენა და ხდება მითითება რაღაც საჯარო წყაროებზე და რა არის ამ საჯაროში სპეციფიკური წყარო, ვერავინ ვერ გაიგო - მე ამასთან დაკავშირებით ჩემი იმედგაცრუება გამოვთქვი. ეს არის ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება.“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ლევან მურუსიძე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ), მიხეილ ჩინძალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ) ირაკლი შენგელია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) და ვალერი ცერცვაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე 2007-2017 ) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ამ პირებმა სასამართლოს თავმჯდომარეობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს".
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი აცხადებს: ჩინჩალაძის, მურუსიძის, ცერცვაძის და შენგელიას სანქცირების გადაწყვეტილება გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ