გირგვლიანის საქმე გახდა ლაკმუსის ქაღალდი არა მხოლოდ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისთვის, არამედ იმ დასავლეთისთვის, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერდა და კვლავ უჭერს. ეს არის ყველაზე ცხადი ტესტი ღირებულებებისა, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, გირგვლიანის ტრაგედიამ მოიტანა ყველაზე დიდი სიცხადე, თუ ვისთან გვქონდა საქმე.

„შეგვიძლია ეს საკითხი ავიღოთ და მივუსადაგოთ ნებისმიერ ევროპელ პოლიტიკოსს, ინსტიტუციას თუ ა.შ. და მივხვდებით ვისთან გვაქვს საქმე. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ჩამფარცხავი, მიმჩუმათებელი ზურაბ ადეიშვილი დღეს არის უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე და ვიცით, რომ ევროპელების მხარდაჭერის გარეშე იქ თანამდებობებზე ვერ არიან და ბევრი რამე გარედან იმართება, ვხედავთ, რომ ადამიანი, რომელიც ამის მონაწილე იყო, დღეს წარმოჩენილი ჰყავთ პროკურორად. ის, ვინც მისი მოადგილე იყო (წოწორია) მოლდოვაში მოსამართლეებს ურჩევს ვეტინგის წესით და ჩვენ გვეუბნებიან, რომ მივბაძოთ მოლდოვას, სადაც გირგვლიანის მკვლელობის დროინდელი ხალხი და იმ გუნდის წევრები წამყვან პოზიციაზე არიან. სამწუხაროდ, აი, ეს არის დღევანდელი ბრიუსელის ღირებულებები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.