გარკვეული პაუზა აიღეს, რომ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის შემდეგ გარკვეული დრო გასულიყო, ამოესუნთქა ბრიუსელს და ასეთი აგრესიული კამპანიით შემოსულიყო, რასაც ახლა აკეთებს მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის ხელით, როდესაც ცდილობენ ხელისუფლების დამხობის მცდელობა დააკნინონ, სასახლის ღობის სცენარი უწოდონ და გაიმეორონ ერთი-ერთში ის ნარატივი, რომელსაც ამკვიდრებს პარტიული ტელევიზია „ტვ პირველი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის ევროკავშირის ცივილიზაციურ უფსკრულში ჩახედვა და ეს არის ევროკავშირის საელჩოს მიერ არ დაგმობით წახალისებული შემდგომი ძალადობები.
„ეს არის იმის მიზეზი, რომ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც შარშან ევროპული დაფინანსებით ჩაერია არჩევნებში, ცდილობდა არჩევნების შედეგების დისკრედიტაციას. 2025 წელს ევროკომისიამ მილიონი ლარით დააფინანსა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, დღემდე ის ხარჯავს ევროკავშირის ფულს და მთელი ირონია იმაშია, რომ ფორმალური საბაბი დაფინანსებისა არის დეზინფორმაციის და კოორდინირებული კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლა. დღევანდელი განცხადებით ისინი ევროკავშირის ფულს იყენებენ დეზინფორმაციისთვის, რომ 4 ოქტომბრის ძალადობა წარმოაჩინონ რაღაც დაკნინებულ ფორმაში.
4 ოქტომბერს 30-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, 21 პოლიციელის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ამ შიდა ტერორისტებს, როდესაც ევროკავშირის ფულით ამართლებენ, ეს არის სირცხვილი ევროკავშირის საელჩოსი და არის სირცხვილი, როდესაც ევროკავშირის საელჩო უშვებს, რომ ევროკავშირის ფულით მოხდეს შიდა ტერორიზმის გამართლება, პოლიციელზე ძალადობის გამართლება.
დღეს ევროკავშირის ფული იხარჯება შიდა ტერორიზმის გამართლებაში და ეს არის სირცხვილი. თუ უნდათ, რომ ეს სირცხვილი არ იყოს მათი ნაწილი, საჭიროა ამისგან მკაფიოდ გამიჯვნა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









