ვაშინგტონის ამინდის პროგნოზს ჩავხედე, მზიანი, უნალექო ამინდია და როგორც ჩანს ალაგ-ალაგ ქარი ქრის. ვერ გეტყვით, ან რა იყო ჰელსინკის კომისიის სხდომის მოწვევა, ან რა იყო სხდომის გადადება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტერს იწვევენ მოწმედ, კარგად ყოფილა მათი საქმე.

„ერთი რამე იყო თვალში საცემი, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერს, ლორა თორნტონს, რომელიც მას სექსუალურ მოძალადედ მოიხსენიებს, ჩვენების მისაცემად იწვევ, პირველ რიგში, საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს ჰელსინკის კომისია. პრეზიდენტ ტრამპის მტერს როდესაც იწვევენ მოწმედ, ეს მეტყველებს, რომ ვერ ერკვევიან საკითხებში, ვისთან საუბრობენ, ვისთან აქვთ საქმე. ასეთ ხალხს თუ ეყრდნობიან აზრის ჩამოსაყალიბებლად, კარგად ყოფილა მათი საქმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისიაში განაცხადეს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით 28 იანვრისთვის დაგეგმილი ბრიფინგი უამინდობის გამო გადაიდო.