ერთი წლის განმავლობაში, მე, პირადად ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები თავად, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ფარულად დაფინანსება არის არასწორი საქციელი. სამწუხაროდ, ვერ შევძელი და ამიტომაც, გვიწევს კანონის მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული კანონი გამომდინარეობს ქართველი ხალხის ინტერესიდან.
„გამჭვირვალობის კანონზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი. ეს შეიძლება, არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც არის საქართველოში გაუმჭვირვალე. ჩვენ ვიცით მაგალითები. მაგალითად, ევროპის დემოკრატიის ფონდის, რომელიც მალავს თავის დაფინანსებას საქართველოში, რაც არის, სწორედაც რომ, ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო. სამწუხაროდ, ერთი წლის განმავლობაში მე პირადად ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები თავად, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ფარულად დაფინანსება არის არასწორი საქციელი. სამწუხაროდ, ვერ შევძელი და ამიტომაც, გვიწევს კანონის მიღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სინამდვილეში, არის მცდელობა, აიკრძალოს დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც პაპუაშვილის განცხადებით, არის ანტიევროპული ქცევა.
„ვერ გაგცემთ სხვის ნაცვლად პასუხს, მაგრამ პრობლემა არის შემდეგში, რომ სინამდვილეში, არის მცდელობა, აიკრძალოს დისკუსია, რაც არის ანტიევროპული ქცევა. სინამდვილეში არის მცდელობა, ჩაიხშოს საღი აზრი, რაც არის ანტიევროპული ქცევა. სინამდვილეში, არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებითა და არა შინაარსით. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვთავაზობთ შინაარსს და ვხედავთ, რადიკალური ოპოზიცია რას აკეთებს – ხევს პლაკატებს, სადაც არის ერთადერთი რამ მითითებული, ლინკი კანონპროექტზე და არ უნდათ, რომ ადამიანებმა წაიკითხონ ეს კანონპროექტი. უნდათ, ამყოფონ საზოგადოება ამ ინფორმაციის გარეშე. დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.