დღეს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ვრცელდება დეზინფორმაცია, მივმართავ ყველა საელჩოს და დონორს, ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვრცელდება ტყუილი, რომელიც ფინანსდება ევროპული, ამერიკული ფულით.

„შარშან ქართველ ხალხს და ხელისუფლებას დაგვპირდნენ, რომ უცხოური დაფინანსება იქნებოდა გამჭირვალე და ჩვენ მოგვატყუეს. ნაცვლად იმისა, უცხოური ფული ყოფილიყო უფრო მეტად გამჭირვალე, ის გახდა უფრო მეტად დახურული. ამიტომ, ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ყველა დონორთან და დიპლომატიურ წარლომადგებლობასთან გვქონდა მცდელობა, დაგვერწმუნებინა ისინი, რომ გამჭირვალობა ეს არ არის მხოლოდ არჩევანი, რომელიც დონორმა უნდა გააკეთოს, ეს არის ვალდებულება, მათ შორის საერთაშორისო დოკუმენტების საფუძველზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საერთაშორისო დახმარების ეფექტიანობის შესახებ პარიზის დეკლარაცია ავალდებულებს დონორებს, იყვნენ პასუხისმგებელი საკუთარი დაფინანსების შედეგებზე პარტნიორის წინაშე.

„მე პირადად ვხვდებოდი დონორების წარმომადგენლებს, მედიის ხელმძღვანელობას, საელჩოების წარმომადგენლებს და ვცდილობდი, დამერწმუნებინა ისინი. საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდებოდა, რომ არსებობს ფონდები, რომლებიც მალავენ საკუთარ დაფინანსებას საქართველოში, თუმცა, სამწუხაროდ, ვერც ერთი ნაბიჯით წინ ვერ წავიწიეთ. ნაცვლად იმისა, შესრულებულიყო დაპირება და გამჭირვალე გამხდარიყო უცხოური დაფინანსება, მივიღეთ უფრო მეტი დახურულობა.

უფრო მეტიც, ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ პერიოდულად ვარკვევდით, რომ თურმე პოლიტიკური პარტიები, რადიკალური ჯგუფები ფინანსდებიან ასეთი ფონდებიდან, თურმე რადიკალური ორგანიზაცია „სირცხვილიას“ კამპანია, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილის“ და ადამიანის დაწვის რომანტიზებას ახდენდა, ფინანსდება ამერიკელი და ევროკავშირის მოქალაქეების ფულით. ამ ყველაფერს ჩვენ ვარკვევდით პერიოდულად, მაგრამ ვერანაირი შედეგი ვერ მივიღეთ გამჭირვალობის სახით. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო არის ვალდებული, ეს გამჭირვალობა უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, რაც შეეხება უცხოური დაფინანსების გამჭირვალობას, ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხი.

„მხოლოდ ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება არის კომპეტენტური, გადაწყვიტოს, ეს უსაფრთხოების საკითხები როგორ მოგვარდეს. აქ სიტყვა არ ეთქმის უცხოელ აქტორებს, არამედ მხოლოდ ქართველ ხალხს. ქართველმა ხალხმა იცის, რა არის კარგი მისი უსაფრთხოებისთვის. მით უმეტეს, როდესაც უცხოელი აქტორები თავად არიან დაინტერესებული მხარე ამ საკითხში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქმე ეხება ამერიკულ და ევროპულ ფონდებს, რომლებიც მალავენ თავის დაფინანსებას.

„დღევანდელ დღეს ალბათ ნახავდით, რომ „ენჯეოებმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ, შარშანდელივით წამოიწყეს კამპანია, რომ „რუსულ კანონად“ დაბრენდონ ეს კანონი. თქვენ ნახავდით ალბათ სოციალურ ქსელში ბანერებს, რომელიც ვრცელდებოდა. ეს გახლავთ პირდაპირი დეზინფორმაცია და ტყუილი, რომელიც ფინანსდება დღეს, ამ მომენტში უცხოური ფულით. ვხედავთ „ენჯეოებს“ და ეს კამპანია წარმოებს უცხოური დაფინანსებით. დღეს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელიც ფინანსდება ევროპული, ამერიკული, შვედური, ჰოლანდიური ფულით, ამ „ენჯეოების“ რესურსების გამოყენებით. ამიტომ, მე მივმართავ ყველა საელჩოს და დონორს, ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს, ვინაიდან შარშან ეს ერთი ტყუილი, რაც ამ „ენჯეოებმა“, იმისთვის რომ დაემალათ თავისი ფინანსები, იკადრეს. ამ ტყუილის გამეორება ხდება დღეს უცხოური დაფინანსებით. ასე რომ, მნიშვნელოვანია, ყველამ მიაქციოს ამას ყურადღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.