ჩვენ ვაპირებთ, ჯიუტად გავაგრძელოთ ჩვენი ხაზი და მოვითხოვოთ არგუმენტები, - განაცხადა გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ჩვენ ვაპირებთ, ჯიუტად გავაგრძელოთ ჩვენი ხაზი და მოვითხოვოთ არგუმენტები. უკვე იუმორში გადადის ეს ყველაფერი, როცა ადამიანებს ვეკითხებით, „რატომ“, ვეკითხებით არგუმენტს და ამის საპირისპიროდ ვხედავთ შუშის თვალებსა და ლოზუნგებს. ამ დღეებმა, პარლამენტში საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე ამ განხილვამ აჩვენა, რომ აბსოლუტური აცდენა არის მიმდინარე საუკუნესთან. სად ვიმყოფებით - მსჯელობა რა სტილის უნდა იყოს და ვხედავთ ლოზუნგებს, ტრანსპარანტების ქვეყნად უნდათ, რომ გვაქციონ. ჩვენი საზოგადოება აქედან გამოსულია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ოპონენტების მიზანია, „შავი ფული“ დაფარული დარჩეს.

„არის ეს კასტა, NGO-პოლიტიკური სიმბიოზი, რომელიც ცდილობს, რომ ჩაითრიოს საზოგადოება. ერთადერთი მიზანი არის ის, რომ დარჩეს დაფარული ის შავი ფული - არა ფინანსური გაგებით, რომ გადასახადები იმალება, არამედ შავი ფული იმით, რომ ის არის გაუმჭვირვალე მისი მიზნობრიობიდან გამომდინარე. რამხელა ენერგია იხარჯება ამისთვის და რამდენი რამ იფარება, რომ ამდენ ენერგიას ხარჯავენ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.