განათლების რეფორმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმაა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, განათლების რეფორმის კონცეფციაც, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, საქართველოს პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.
„ჩვენს ამომრჩევლებს ზუსტად ის დავპირდით, რომ განათლების რეფორმა პრიორიტეტული იქნებოდა და ამომრჩეველმა მხარი ამას დაუჭირა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმა კომპლექსურად და პარალელურად მოხდეს, რადგან ეს ერთი მეორის გაგრძელებაა და ერთმანეთი უნდა შეავსოს. კონცეფცია, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, მას სრული მხარდაჭერა აქვს საქართველოს პარლამენტის მხრიდან. ინფრასტრუქტურულ საკითხებთან ერთად მთავარია შინაარსი. დღეს ეს შინაარსობრივი მიდგომა იყო წარმოდგენილი, როგორც სახელმძღვანელოების, განათლების ხანგრძლივობის, სასკოლო დისციპლინის, სწავლაზე კონცენტრირების მიმართულებით. ეს განათლების ის რეფორმაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა და ამას ქართველი ხალხის დაკვეთით ვასრულებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.








