საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობის დინამიკაზე ისაუბრეს.

პაპუაშვილის თქმით, ასევე საუბარი შედგა საქართველოში ინდოეთის ელჩის დანიშვნის თაობაზე.

„როგორც იცით, ინდოეთმა საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შარშან მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში პირველად, ინდოეთს საქართველოში ელჩი ეყოლება. ელჩის დანიშვნის თაობაზე დღეს გვქონდა საუბარი, პროცედურა მიმდინარეობს და მოხარული ვიქნებით, რომ უახლოეს მომავალში ინდოეთის ელჩი მივიღოთ. რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ორმხრივი ურთიერთობის დინამიკაზე. ცოტა ხანში საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის საგარეო პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართება. მნიშვნელოვანია როგორც ვიზალიბერალიზაციის მიმართულება, ასევე თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მუშაობა. იმ პოტენციალზე ვისაუბრეთ, რაც საქართველოს, რეგიონს, შუა დერეფანს აქვს ინდოეთისთვის, მათ შორის ინვესტიციების თვალსაზრისით. მოხარული ვარ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც საქართველოში ნამყოფია, მეგობრული გაცნობა გვქონდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.