"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მცხეთაში

"ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, რაც ნიშნავს, ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დროს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ ერთხელ, ნათლად და მკაფიოდ „ქართული ოცნების“ მიზნებისა და ამოცანების გაცნობას. ჩვენი მიზნებიცა და ამოცანებიც ჩვენს საარჩევნო მოწოდებაშია გაცხადებული: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ.

ნიშანდობლივია, რომ ჩვენი მსვლელობა ქართველ ხალხთან ერთად მცხეთიდან იწყება. ეს არის ადგილი, სადაც ერთიანდება ჩვენი სულიერი, ისტორიული და კულტურული თვითმყოფადობა; ადგილი, სადაც თავს იყრის საქართველოს უძველესი და ახალი ქრისტიანული ეპოქა; ყოველი ქართველისთვის საკრალური და წმინდა ადგილი; საქართველოს ერთიანობის, ძლიერებისა და მარადიულობის ნიშანსვეტი.

ეს მხარე კავკასიის კარია, საქართველოს ჩრდილოეთის კარიბჭის ღირსეული მცველი, სვეტიცხოვლის, გერგეტის სამების და ლაშარის ჯვრის მადლით განმტკიცებული. სწორედ ამიტომაც არის ბევრი ბრძოლის, ბევრი გამარჯვების მომსწრე და მონაწილე მცხეთა, ერწო-თიანეთი, ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, ხევი, გუდამაყარი, ქსნისხევი, საქართველოს ისტორიის ნამდვილი მემატიანე. 

ისტორიულმა ქარტეხილებმა საქართველოს ბევრი იარა დაუტოვა. დაკორტნა და დაგლიჯა ჩვენი სამშობლოს სხეული. ამიტომ არის „ქართული ოცნების“ უმთავრესი ამოცანა ჯერ კიდევ ცოცხალი იარების მოშუშება და ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად ერთიანი, ძლიერი, ტრადიციების პატივისმცემელი, ღირსეული ქვეყნის შენება. ამ სანუკვარ მიზანს განუხრელად სჭირდება მშვიდობის შენარჩუნება, ვინაიდან ამ ომს მხოლოდ მშვიდობით მოვიგებთ.  

ამ ადგილმა ყველაზე კარგად იცის, თუ რამდენად რთულ და საფრთხეებით სავსე რეგიონში ვცხოვრობთ. თუმცა, ზუსტად ამ მდებარეობამ გამობრძმედდა და ჩვენი ხალხის გენეტიკურ მეხსიერებაში ჩაბეჭდა ქარტეხილებთან ბრძნულად გამკლავების უნარი. დღესაც, ისტორია მეორდება. დღესაც გვიწევს, რომ მტკიცედ, თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიცვათ საქართველოს, ჩვენი ხალხის ინტერესები. და ეს მაშინ, როდესაც ცეცხლის ალში გაეხვია ლამის ნახევარი სამყარო. ეს მაშინ, როდესაც უსამშობლო ძალები ცეცხლზე ნავთს ასხამენ, და სარგებლის მიღების მიზნით საკუთარი ხელით არყევენ საკუთარ ქვეყანას. 

ამ რთულ ჟამს, ჩვენი ხალხის სიბრძნით ზურგგამაგრებულები მტკიცედ დავდექით, ერთგული დავრჩით ჩვენი ქვეყნის ინტერესების და არ დავუშვით ქვეყნის საომარ ველად გადაქცევა. თუმცა, საფრთხეები არსად გამქრალა. ამიტომ, ამ არჩევნებზე ხმას ვაძლევთ არა მხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლებას, არამედ საქართველოს მშვიდობიან მომავლის ხედვას.

მეგობრებო,

როცა ვსაუბრობთ ღირსებაზე, პირველ რიგში, ვგულისხმობთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას. უსამშობლო ძალები, იმასაც კი ცდილობენ, რომ ეროვნულ ინტერესებზე საუბარი სათაკილო გახადონ. მათ გასაგონად, ვინც სხვის დროშას იფიცებს და სხვის ჰიმნს იზეპირებს, მინდა ვთქვა: ეროვნული ინტერესები არის უპირველესი საზომი ყველა ღირსეული ერის, ღირსეული ქვეყნის და ღირსეული ხელისუფალის. ღირსებაა ჩვენი თვითმყოფადობა და მისი პატივისცემა, საკუთარი კულტურისა და ტრადიციების შეცნობა და გააზრება. ღირსებაა შენი წინაპრების ღვაწლის დაფასება. ღირსებაა შენი ოჯახის, მეგობრების, ქვეყნის სიყვარული. ღირსებაა გიყვარდეს შენი სამშობლო და მას აყენებდე ყველაფერზე მაღლა. ამიტომაც ჩვენი გზა არის და იქნება ღირსეული, რადგან ამის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს, უბრალოდ ფუჭია. 


ქართველი კაცი უაღრესად ამაყია და თავმოყვარე, ნიჭიერი და მშრომელი. სხვაგვარად არ გვექნებოდა ეს სიდიადე - ჯვარი, სვეტიცხოველი თუ სამთავრო. ჩვენი ვალია ამ ნიჭის გამოსავლენად საუკეთესო პირობების შექმნა. ჩვენ ჯერ კიდევ გვიწევს წინა ხელისუფლების მძიმე მემკვიდრეობის გამოსწორება. თუმცა დღეს, ჩვენ უკვე გავანახევრეთ უმუშევრობა, სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე, გავაორმაგეთ ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე და ვართ ევროპის ლიდერი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის ტემპით. თითოეული ქართული ოჯახისთვის კეთილდღეობის არსებითად გაუმჯობესება არის ჩვენი დაპირებაც და მიზანიც, ვინაიდან მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი საქართველო არის მშვიდობის, ერთიანობის და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა. 

მეგობრებო,

საქართველოს ევროპული გზა სწორედ აქ, მცხეთაში განისაზღვრა და მას ისტორიული ბეჭედი ქრისტიანობამ მეოთხე საუკუნეში დაუსვა. დღეს, როცა ქართული ქრისტიანობის აკვანთან ვართ შეკრებილები, უნდა გვახსოვდეს და სხვებსაც, შინ და გარეთ, შევახსენოთ, რომ ევროპა და ევროკავშირიც ქრისტიანულ ღირებულებებზე აღმოცენდა. სწორედ ეს ევროპული ღირებულებები არის საქართველოს, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედის, მთავარი ღერძი და ჩვენი ხალხისთვის მიცემული პირობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. 

მეგობრებო,

ქვეყნის ისტორიაში იშვიათია მომენტები, როდესაც გადამწყვეტია მთელი ერის და ბერის, ქალის და კაცის, ახალგაზრდის და ასაკოვანის გამოსვლა და საკუთარი სიტყვის თქმა. თანამედროვე ისტორიაში ასეთი დღე, ალბათ, მხოლოდ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი იყო. მესამედი საუკუნის თავზე, 26 ოქტომბერს, ეს მომენტი ჩვენი ერის ცხოვრებაში კიდევ ერთხელ დადგება.

და როგორც 1991 წლის 31 მარტს, ახლაც ქუდზე კაცი უნდა გავიდეთ და ვთქვათ: 
•    გვინდა ვმართოთ, თუ გვინდა, რომ გვმართონ? 
•    გვინდა, ჩვენი ინტერესებით ვიმოქმედოთ, თუ სხვების ინტერესებს მივყვეთ? 
•    გვინდა მშვიდობა და აღმშენებლობა, თუ გვინდა ომი და ნგრევა? 
•    გვინდა ღირსეულად გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია, თუ გვინდა ჩვენს შვილებს მხოლოდ წიგნებში ასწავლიდნენ, რომ „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“?
•    გვინდა მამული, ენა, სარწმუნოება, თუ გვინდა, რომ ქართველებს სხვები გვიხსნიდნენ, რას გულისხმობდა ილია? 

სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერი ჩვენი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმია, სადაც ყველამ ვისაც თავზე ქუდი და მანდილი ახურავს, თავისი ღირსეული სიტყვა უნდა თქვას: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით, ევროპისკენ!" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.