„თქვენ დაამტკიცეთ, რომ იმ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით, ძალისხმევით, ჟინით, რომელიც ქართულ ოლიმპიურ გუნდს ჰქონდა, ყველა შედეგის მიღწევა და ყველა ოცნების ასრულება შეიძლება. ეს მიღწევები არის არა მხოლოდ თქვენი პირადი შედეგები, ეს არის ჩვენი ეროვნული გამარჯვება. თითოეული ქართველის სიამაყის მიზეზი და ამის საფუძველი ხართ თქვენ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოლიმპიელების დახვედრის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
შალვა პაპუაშვილმა ქართველ ოლიმპიელების მიღწევები კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა და პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა ოლიმპიადაზე მიღწეული შედეგებისთვის.
„მსურს, მოგილოცოთ წარმატება მედალოსნებს, ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა თითოეული მედალოსანის განსაკუთრებული როლი ამ საერთო გამარჯვებაში და განსაკუთრებული დამსახურება მათი, ვინც ორგზის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ და ამით განსაკუთრებით გაგვიხარეს გული. თქვენ დაამტკიცეთ ის, რომ სპორტული მიღწევებისთვის მნიშვნელობა არა აქვს ზომას ერისა და ქვეყნისა. 206 გუნდს შორის 24-ე ადგილი დავიკავეთ ჩვენმა ოლიმპიურმა გუნდმა, მოსახლეობის რაოდენობას თუ შევხედავთ, მეშვიდე ვართ მსოფლიოში ამ 206 გუნდს შორის. ეს განსაკუთრებით უსვამს ხაზს თუ რამდენად ნიჭიერი ერი ვართ სპორტში. ეს ასევე უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და ერისთვის ჩვენი სპორტსმენების მხარდაჭერა. შემთხვევით არაფერი არ მოდის. საუკეთესო შედეგი გვაქვს ისტორიულად და ეს არის გაერთიანებული ძალისხმევის შედეგი, სადაც ერიც და ბერიც, ახალგაზრდაც და მოხუციც, ყველა გულშემატკივრობდა ჩვენს სპორტსმენებს და ყველა თავის წვლილს იღებს იმისთვის, რომ წარმატებული იყოს ჩვენი გუნდი ყველა მიმართულებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ოლიმპიურ კომიტეტს, სპორტსმენთა მწვრთნელებს, ექიმებს, სპორტსმენების ოჯახის წევრებს, რომელთაც დამსახურება მიუძღვით მათ მიღწევებში.
„გისურვებთ წარმატებას შემდეგ შეჯიბრებებში მათაც, ვინც უმაღლესი ჯილდო ამ ჯერზე ვერ მიიღო. ჩვენი გულების ჩემპიონები ხართ და თქვენ ოქროს მედლების მფლობელები მრავალჯერ გახდებით სხვადასხვა ასპარეზობაზე და ამ საქმეში მთელი ერი გიდგევართ გვერდში. თქვენი გულმხურვალე მხარდამჭერები ვართ“, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა სპორტსმენებს.