პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ნათია მეზვრიშვილის ბრალდებები პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მისამართით, პროკურატურამ სამართლებრივად დასაშვებად არ ცნო.
დღეს მეზვრიშვილი საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა. პროკურატურიდან გამოსულმა მეზვრიშვილმა თქვა, რომ უწყებამ მისი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა.
"მათ გამოძიება დაწყებული არ აქვთ. სამწუხაროდ, დღეს პროკურატურას უნდოდა, რომ პაპუაშვილის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის პროცესში ნათია მეზვრიშვილს მონაწილეობა მიეღო, გასაუბრებაში გამოძიების დაწყებამდე, რასაც კანონი არ ითვალისწინებს. ამის მიზანი გახლდათ ის, რომ შემდეგ პროკურატურა გამოვიდეს და თქვას (ალბათ, ამის მოლოდინი უნდა გვქონდეს), რომ ახსნას რაღაცნაირად, რატომ არ დაიწყო გამოძიება. მე ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა გავასაჩივრო პროკურორთან, დღეს მე ვიმყოფებოდი გამომძიებელთან, რომელიც ამ უწყებამ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა," - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.
ცნობისთვის, ნათია მეზვრიშვილი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდა და ძალადობრივ მოწოდებებზე საუბრობდა.