მათი [ოპონენტების] თქმით, იზოლაციისკენ მივდივართ 12 წელია და ამასობაში, ასოცირებას მოვაწერეთ ხელი, ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, თავისუფალი ვაჭრობა მივიღეთ, -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა. 

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს აქვს გრძელვადიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2030 წელს, ევროკავშირის წევრობისთვის ყველაზე მომზადებული ქვეყანა, სწორედ საქართველო იქნება. 

„2030 წელი - ეს თარიღი „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხნით ადრე თქვა, ვიდრე ევროკავშირი ამ თარიღს როგორც გარკვეულ ზღვარს იტყოდა ევროპულ კონტექსტში. 2030 ყველას ახსოვს, როდის ითქვა, ჯერ კიდევ 2011 თუ 2012 წელს. 
იმიტომ, რომ საქართველოს ეს გრძელვადიანი გეგმა აქვს, 2030 წელს, საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის. რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიღაც ეტაპზე ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა, ჩვენ ამაზე გავლენა არ გვაქვს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი როგორ უნდა  გვქონდეს, ადამიანი აქ მიტინგებზე დადის. ამას ხომ ჩვენ ვერაფერს ვუშველით საერთო ჯამში. ამიტომ, ჩვენი ერთადერთი გამოსავალია, ჩვენ ჩვენი განვითარება გვქონდეს, გავუსწროთ ევროკავშირს ეკონომიკური განვითარების ტემპებით. ჩვენ ვუსწრებთ კანდიდატ ქვეყნებს ამ ტემპებით, ინსტიტუციური განვითარებით ვუსწრებთ. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ ევროკავშირის წევრობა გვინდა, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენ განვვითარდეთ და ჩვენ როცა განვვითარდებით ეკონომიკურად და ინსტიტუციურად ვიქნებით 2030 წელს იმ დონეზე, რომელზეც ვიქნებით, შეიძლება იქით შეგვეხვეწოს კიდევ ვიღაცამ, რომ შევიდეთ ამა თუ იმ გაერთიანებაში და შევიზღუდოთ ჩვენი თავი, იმიტომ, რომ გაერთიანების წევრობა ნიშნავს შეზღუდვასაც - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, ეკონომიკური თავისუფლების დათმობას. თქვენ რა გგონიათ, ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, ჩვენ იცით რამდენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს? რომელიც დადებული გვაქვს თუნდაც ჩინეთთან და ბევრ ქვეყანასთან, დსთ-ის წევრ ქვეყნებთან. ამ ყველაფრის გაუქმება მოგვიწევს. უვიზო მიმოსვლა იცით რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს გაუქმება? აღარ გვექნება. ერთ მხარს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია, მათ შორის, უვიზო რეჟიმების გაუქმება და ა.შ. იმიტომ, რომ ვიქნებით შენგენის სივრცის ნაწილი და საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ შევლენ შენგენის ტერიტორიაზე და ვისთანაც არ აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა, იმას საქართველოში ვერ შემოვუშვებთ ჩვენ. აბა შეხედეთ, ღვინის სექტორს რა მოუვა, ჩვენ დღესვე რომ გავწევრიანდეთ ჩათვალეთ, რომ ღვინის სექტორი ჩამოინგრევა.

ერთის მხრივ, თავად ევროკავშირმა იცის კარგად, როდის არის ქვეყანა მზად გაწევრიანებისთვის და ყველაზე დიდი არაკეთილსინდისიერება არის, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის თუ დიპლომატის განცხადება, რომ ჩვენი კარი ღიაა და აბა, მობრძანდით. ასეთი დამოკიდებულების განჭვრეტა ქართველ ხალხს შეუძლია, ასეთ კარ გაღებულ ნატოსთან ვდგავართ უკვე რამდენი წელია. მეორე, ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ იმ მომენტში გავხდეთ ევროკავშირის წევრი, როდესაც მოვიგებთ და არა წავაგებთ და ზიანს მივაყენებთ ჩვენს თავს.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.