"დღეს ისტორიული დღეა და ამაღლებული ჟამია ჩემთვის და მთელი ქვეყნისთვის", - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა და ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატმა ნაძალადევის ოლქში შალვა ნათელაშვილმა განაცხადა გადაცემაში "რეაქცია".
მისი თქმით, ოპოზიციას აქვს მარტივი და საპასუხისმგებლო მიზანი - მოახდინონ სახელმწიფოებრივი დეოლიგარქიზაცია. "დღეს ისტორიული დღეა და ამაღლებული ჟამია ჩემთვის და მთელი ქვეყნისთვის. პირველად ქართული პოლიტიკის ისტორიაში პოლიტიკურმა სპექტრმა მიაღწია სრულ თანხმობას საერთო მიზანზე, რომელიც გახლავთ მარტივი და საპასუხისმგებლო - მოვახდინოთ სახელმწიფოებრივი დეოლიგარქიზაცია. აღვადგინოთ ქვეყნის პოლიტიკური სუვერენიტეტი, განვდევნოთ მმართველობიდან ფულზე მოჩალიჩე კლასტერი და 3%-იანი ფენა, რომელმაც ხელში ჩაიგდო ფინანსური ბიზნეს-სასამართლო-სახელმწიფო ხელისუფლება. უაღრესად საინტერესო პროცესი გავიარეთ და მე ვიტყოდი, რომ განუმეორებელი. შევასრულეთ ილიას დანაბარები: "ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში". მან ერთიანობაზე თქვა ეს, ერის ერთიანობაზე და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობაზე. ილია თავის დროზე შეეწირა პარტიულ უთანხმოებას", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. ინგა გრიგოლიას კითხვაზე, ილიას ადრის თავს? - პასუხობს, რომ არა. "ილიას კი არ ვადრი, ილიას მიმდევრები ვართ. ილიამ რაც დაგვიბარა პოლიტიკურმა სპექტრმა ახლა შევასრულეთ. ვერ შევასრულეთ 20-იან წლებში, ვერ შევასრულეთ 90-იან წლებში, ვერ შევასრულეთ 2012 წელს, მაგრამ ეს შევასრულეთ დღეს", - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.