არ მინდა ვისაუბრო ამ ადამიანებზე, ჩემი მხრიდან უხერხული იქნება, გახლავართ ქალაქის მოქმედი მერი, ვაპირებ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კითხვის პასუხად, თუ ვის ელოდება კონკურენტებად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ვინ შეიძლება გახდეს მისი საპირწონე.

კახა კალაძის თქმით, კონკურენტებზე საუბარი არ უყვარს.

„უახლოეს მომავალში გვექნება უკვე ოფიციალური წარდგენა. ამის შემდეგ დავასახელებთ ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებს როგორც დედაქალაქში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ უკვე მზადება დაწყებული გვაქვს, მუშაობა დაწყებული გვაქვს და ძალიან მალე უკვე გავხსნით საარჩევნო კამპანიას, რომელიც გადავა აქტიურ ფაზაში. კონკურენტებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მიყვარს საუბარი. მე ვესაუბრები ხალხს იმ გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომლებიც აქტუალურია, რომელიც აწუხებს თბილისი მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მან ასევე უპასუხა კითხვას, თუ რას აჩვენებს რეიტინგები.

„რეიტინგებს რაც შეეხება, აქაც კიდევ ერთხელ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ოლქში როგორც საკრებულოს დონეზე, ასევე მერების თვალსაზრისით მიიღებს 100 პროცენტიან გამარჯვებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება