აღსრულების ეროვნული ბიურო თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიმდინარე სააღსრულებო წარმოება.
საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოვიდა 2024 წლის 11 ივნისს და ერთი წლის განმავლობაში, აღსრულების პოლიციელებისა და სოციალური მუშაკების ჩართულობით, ინდივიდუალურად განხორციელდა მისამართზე მყოფი ყველა პირის სოციალური სტატუსისა და საჭიროებების განსაზღვრა. ათეულობით ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ მისამართზე მუდმივად ცხოვრობდა 39 ოჯახი. მათგან დევნილისა და სოციალურად დაუცველი სტატუსი მქონე პირებმა თბილისის მერიისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაგან მიიღეს დახმარების შეთავაზებები.
გამოსახლების პროცესი, მისი დაწყებიდან გადადებული იყო ორჯერ, რითაც მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო მორიგებისა და საქმის ნებაყოფლობით დასრულებისთვის. სწორედ ამ კომუნიკაციის შედეგად, კრედიტორმა მისამართზე უკანონოდ მცხოვრებ პირებს შესთავაზა ერთჯერადი კომპენსაცია ან ბინის ქირით უზრუნველყოფა, რასაც მობინადრეთა უმეტესი ნაწილი დღეს დაეთანხმა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით, მუშაობის პროცესში მიმდინარეობდა მაცხოვრებელთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და პროცესისათვის მომზადება. დეტალურად იქნა ახსნილი, თუ რას მოიცავს გამოსახლების პროცესი და რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობას.
ასევე, განსაკუთრებით ხაზგასმული იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ შენობა-ნაგებობები იყო საცხოვრებლად საშიში. მორყეული იყო მზიდი კედლები, რასაც კიდევ უფრო საშიშს ხდიდა იქ მიმდინარე თვითნებური სარემონტო სამუშაოები. საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შენობა ნაგებობების უკიდურესად მძიმე მდგომარეობას ადასტურებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.