ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია აქვეყნებს.
ვერხოვნა რადას ვებსაიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს #12414, რომლითაც დღემდე ფაქტობრივად დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოები, ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა (SAP), გენერალური პროკურორის დაქვემდებარებაში გადადიან.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კანონის ხელმოწერის შესახებ ინფორმაცია რადას ვებსაიტიდან გაქრა, მაგრამ ჯერჯერობით მითითებულია, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
პარლამენტმა შესაბამის კანონპროექტს 22 ივლისს მისცა ხმა. რადაში მას ძირითადად მხარი დაუჭირეს „ხალხის მსახურის“, „ოპოზიციური პლატფორმის - სიცოცხლისთვის“ და „როდინას“ დეპუტატებმა.
კენჭისყრის შემდეგ, უკრაინის მსხვილ ქალაქებში ხალხი შეიკრიბა საპროტესტო აქციებზე კანონის ვეტოს დადების მოთხოვნით. მიტინგები იმართება კიევში, ლვოვში, ოდესაში, დნიპროსა და, დაბომბვის მიუხედავად, სუმშიც კი.
ზელენსკის მიერ ხელმოწერილი კანონის თანახმად, გენერალურ პროკურორს შეეძლება:
SAP-ის პროკურორის უფლებამოსილებების დელეგირება სხვა პროკურორებზე;
მოითხოვოს ნებისმიერი საქმის მასალები და გადააბაროს ისინი სხვა პროკურორებს;
მიაწოდოს NABU-ს წერილობითი ინსტრუქციები, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად;
გადააბაროს NABU-ს სისხლის სამართლის საქმის წარმოება სხვა წინასწარი გამოძიების ორგანოებს.