რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის დაფინანსება მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან შეაჩერა და „აფხაზურ მხარეს“ გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა.
ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლება ავრცელებს.
„მათი განხორციელება 1-ლი სექტემბრიდან უკვე დაიწყო. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რომელიც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს. ეს აშკარად პირველი ასეთი ნაბიჯებია. გარდა ამისა, დგება კითხვა, რომ ამიერიდან ელექტროენერგიის საფასურის გადახდაც შესაძლოა კომერციულ ფასში მოხდეს“, - აღნიშნა შამბამ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ზოგიერთი „დეპუტატისა და ოპოზიციონერისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობაზე და აღნიშნა, რომ „დღეს მსოფლიოში მოქალაქეობის ჩამორთმევა საკმაოდ გამოყენებადი სანქციაა“.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი მოითხოვს „ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას, რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფასა და კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე რუს ინვესტორებზე შეზღუდვების მოხსნას“.